Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

 
 
 
 
სახალხო დამცველის განცხადება

22 05 2012

2012 წლის 22 მაისს, საქართველოს პარლამენტში ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების“ მიერ წარმოდგენილი იქნა საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს გარკვეული შეზღუდვების დაწესებას კონსტიტუციით აღიარებული რამდენიმე უფლებით სარგებლობაზე. აღნიშნულ დოკუმენტს საკანონმდებლო ინიციატივის ძალა ჯერ არ გააჩნია, თუმცა,  აღნიშნულის მიუხედავად ცალსახად მიუღებლად მიმაჩნია მსგავსი ცვლილებების საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელება, რადგან ის წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს მოქალაქეთა მიერ 1995 წლის 24 აგვისტოს გამოვლენილ ნებასთან, რაც ასახულია საქართველოს კონსტიტუციის ძირითად პრინციპებში.
 
 
შემოთავაზებულ ცვლილებებზე არანაკლებ შემაშფოთებლად მიმაჩნია საპარლამენტო უმცირესობის ლიდერისა და მისი წევრების მიერ გაკეთებული განცხადებები, რომელიც განმსჭვალული იყო ჰომოფობიური სულისკვეთებით. სამწუხაროდ, მათ მიერ გაკეთებული განცხადებების ნაწილი შეიცავდა სიძულვილის ენას, რომელიც მიმაჩნია რომ ხელს უწყობს საზოგადოებაში სტერეოტიპული წარმოდგენებისა და დისკრიმინაციული დამოკიდებულების წახალისებას, რაც სექსუალური უმცირესობების შეურაცხყოფისა და საზოგადოებიდან გარიყვის საფრთხეს ქმნის.
 
რამდენიმე დღის წინ, ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს განვითარებული მოვლენების ფონზე ისეთი განცხადებების გაკეთება, რომელიც ჰომოსექსუალიზმის, ,,გახრწნილობასთან, გარყვნილობასთან და გაუკუღმართებულ წესთან“ ათანაბრებს,  ხელს უწყობს საზოგადოებაში არასწორი სტერეოტიპების დამკვიდრებას და ახალისებს დისკრიმინაციას.
 
საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს, საზოგადოების წინაშე არა მხოლოდ მანდატით ნაკისრი, არამედ მაღალი მორალური პასუხისმგებლობაც აკისრიათ. მიუღებლად მიმაჩნია, პარლამენტარების მხრიდან ისეთი გამონათქვამების გამოყენება, რომელიც შეურაცხყოფას აყენებს საზოგადოების რომელიმე წევრს და მას წარმოაჩენს როგორც სხვა მოქალაქეთა არათანასწორს.
 
მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო ყველას, რომ საქართველოს კონსტიტუცია ჩვენს სახელმწიფოში იყო და არის უპირველესი გარანტი თანასწორუფლებიანობისა. მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ძალას, ცალკეულ პოლიტიკოსებს, სამოქალაქო საზოგადოებას, განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინონ, რათა მათ მიერ ან მათი მეშვეობით, სამომავლოდ არ მოხდეს ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაციული გამონათქვამებისა და სიძულვილის ენის ტირაჟირება.