კონფერენცია „ბავშვის უფლებაა მოუსმინონ“07 06 20122012 წლის 7 ივნისს, საქართველოს სახალხო დამცველმა და სახალხო დამცველის ოფისთან არსებულმა ბავშვისა და ქალის უფლებების ცენტრმა, ორგანიზაცია Save the Children-ის პარტნიორობით, კომპანია „ოქსფამისა“ და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით გამართა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია – ,,ბავშვის უფლებაა – მოუსმინონ“.
კონფერენციის მიზანი იყო გაიზარდოს ბავშვთა ჩართულობა იმ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რომელიც მათ უფლებებს ეხება. მოხდეს სახელმწიფო უწყებების მიერ ბავშვთა მონაწილეობის უზრუნველყოფა, მათი მოსაზრებების გათვალისწინება ბავშვთა პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ მოსწავლეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან და სახალხო დამცველის ოფისთან არსებული ბავშვთა მრჩეველთა საბჭოს წევრები.
მოსწავლეებმა ისაუბრეს ისეთ საკითხებზე როგორიცაა სკოლებში მოსწავლეთა თვითმმართველობების საქმიანობა, შესაძლებლობების გათანაბრების გზები, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, ბავშვზე მორგებული ჯანდაცვა და ბავშვის მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ საქართველოს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში, საქართველოს პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე რუსუდან კერვალიშვილი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ირაკლი გიორგობიანი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩახნაშვილი, გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე დავით იოსელიანი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი როლანდ მონაში.
კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ ბავშვის უფლებათა დაცვის სფეროში მოღვაწე საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საჯარო სკოლების დირექტორები, პედაგოგები და სხვა სახელმწიფო უწყებათა ხელმძღვანელები.
* * *
კონფერენცია „ბავშვის უფლებაა - მოუსმინონ“ წელს უკვე მესამედ გაიმართა.