Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

 
 
 
 
სახალხო დამცველმა მსჯავრდებული მარეკ დუდაევი მოინახულა

27 02 2013

2013 წლის 27 თებერვალს, საქართველოს სახალხო დამცველმა სასჯელაღსრულების #7 დაწესებულებაში მსჯავრდებული მარეკ დუდაევი მოინახულა. სახალხო დამცველი იწყებს მარეკ დუდაევის საქმის შესწავლას, რადგან ამ საქმეში არის ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი და ბევრი წინააღმდეგობა.
 
საქართველოს სახალხო დამცველთან შეხვედრის დროს მარეკ დუდაევმა განაცხადა, რომ ის მიესალმება ქართველი და ოსი ხალხის შერიგებას და მზად არის თავადაც მიიღოს მონაწილეობა ამ პროცესში.
 
სახალხო დამცველი გამოდის ინიციატივით, რომ ჰუმანიტარული მოსაზრებიდან გამომდინარე მოხდეს მარეკ დუდაევის და სხვა ეთნიკურად ოსი პატიმრის გათავისუფლება და მათი გადაცვლა ცხინვალის ციხეში მყოფ ქართველ პატიმრებზე.
 
სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ აუცილებელია დაიწყოს დიალოგი საქართველოს ხელისუფლებასა და დე-ფაქტო ოსეთის ხელისუფლებას შორის პატიმრების გაცვლასთან დაკავშირებით.
 
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით ე.წ ცხინვალის ციხეში იმყოფება საქართველოს რამდენიმე მოქალაქე. მათ შესახებ ხშირად საქართველოს სახალხო დამცველს მიმართავენ. მაგალითისთვის შეიძლება მოვიყვანოთ ჯემალ მიდელაშვილის საქმე, რომელიც 2009 წლის 21 ნოემბერს ახალგორში იქნა დაკავებული ოსური მხარის მიერ. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული კორესპონდენციებიდან ირკვევა, მიუხედავად იმისა, რომ ჟენევის მოლაპარაკებების IPRM-ის ფარგლებში არაერთხელ იქნა დაყენებული მისი გათავისუფლების საკითხი ქართული მხარის მიერ, რეალური შედეგი მიღწეული ვერ იქნა და იგი დღემდე პატიმრობაშია. ასევე პატიმრობაში რჩება სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომელი თეიმურაზ ჯაპაროვი.
 
საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ აუცილებელია  პატიმართა გაცვლის საკითხის წამოწევა და გააქტიურება, რაც ხელს შეუწყობს ე. წ. ოსური მხარის მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების სწრაფ გათავისუფლებას.