„მე ომბუდსმენი“ არის სახალხო დამცველის მიერ ორგანიზებული კონკურსი 13-18 წლის მოსწავლეებისთვის.
ომბუდსმენი (ინგ.:Ombudsman) არის პიროვნება, რომელიც მოქმედებს როგორც შუამავალი, წარმომადგენელი და ადამიანის უფლებათა დამცველი მოქალაქესა და სახელმწიფოს შორის. ზოგიერთ ქვეყანაში (მაგ.: საქართველო, ესპანეთი და სხვა) ომბუდსმენს უწოდებენ სახალხო დამცველს. სახალხო დამცველის აპარატი არის კონსტიტუციური ინსტიტუტი, რომელიც ზედამხედველობას უწევს ქვეყნის ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას, ავლენს მათი დარღვევის ფაქტებს, ხელს უწყობს დარღვეული უფლებების აღდგენას. სიტყვა "ომბუდსმენი" ძველი ნორვეგიული ტერმინია და მომდინარეობს სიტყვისგან "umbuðsmann" რაც "წარმომადგენელს" ნიშნავს.
საერთაშორისო ორგანიზაციები წლების განმავლობაში ამკვიდრებდნენ საერთაშორისო სტანდარტებს, რათა დახმარებოდნენ ერებს იმ ძირითადი უფლებებისა და მოვალეობების გაცნობაში, რომლებიც მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე ახდენდა გავლენას. მრავალი მცდელობის მიუხედავად ადამიანის უფლებების დარღვევა გლობალურ პრობლემად რჩება. სრულფასოვანი დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობისთვის ერთ–ერთ ძირითად წინაპირობას, სხვა მექანიზმებთან ერთად ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი კულტურის არსებობა წარმოადგენს. ჩვენ მიერ ორგანიზებული ღონისძიება ამ კულტურის გავრცელების ერთ–ერთი შემადგენელი ნაწილია. საყოველთაო მიზნის მისაღწევად, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ადამიანის უფლებების სფეროში ცნობიერების ამაღლება, რასაც შედეგად ქვეყანაში კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებათა უფრო ეფექტური რეალიზება მოყვება.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა მოტივაცია, ანალიტიკური უნარი და უახლოესი კომპიუტერის მოძებნა, რომელიც ჩართულია ინტერნეტის ქსელში.
სახალხო დამცველის აპარატმა, 2010 და 2011 წლებში, კონკურსი ჩაატარა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერითა და ევროკავშირის პროექტის „სახალხო დამცველის აპარატის ხელშეწყობა“ დაფინანსებით.
გამარჯვებული გუნდები სოლიდური პრიზებით დაჯილდოვდნენ.
2012 წელს კონკურსი კვლავ გაიმართება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერითა და ევროკავშირის პროექტის „სახალხო დამცველის აპარატის ხელშეწყობა“ დაფინანსებით. ისევე როგორც 2010 და 2011 წლებში გამარჯვებული გუნდები პერსონალური კომპიუტერებითა და სხვა პრიზებით დაჯილდოვდებიან.
კონკურსში მონაწილეობისთვის დეტალური ინფორმაციის მისაღებად გაეცანით "თამაშის წესებს".