საქართველოს სახალხო დამცველის სტრატეგია - 2008-2011 სამოქმედო პერიოდი: 3 წელი
პრეამბულა
1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმზე ქართველმა ერმა, საქართველოს მთელმა მოსახლეობამ გამოხატა ნება ეცხოვრა დამოუკიდებელ, სუვერენულ და დემოკრატიულ სახელმწიფოში. 1995 წლის კონსტიტუციამ განსაზღვრა ამ სახელმწიფოს ძირითადი პრინციპები. სახელდობრ ეს უნდა იყოს სახელმწიფო, სადაც პატივს სცემენ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, ფუნქციონირებს დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა, სიტყვისა და მასმედიის თავისუფლება. გაცხადდა, რომ საქართველო მშვიდობისმოყვარე სახელმწიფოა. ხელისუფლება ამ მიზნების მისაღწევად უნდა მოქმედებდეს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად.
ამ ისტორიული მომენტის შემდეგ სახელმწიფოებრივი აღმშენებლობა საქართველოში უაღრესად მძიმე პირობებში მიმდინარეობდა. სამოქალაქო ომს მოჰყვა გარე ძალების მიერ ინსპირირებული კონფლიქტები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, რომელმაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა გამოიწვია, რასაც თან დაერთო სამოქალაქო დაპირისპირება. ამგვარი სამოქალაქო დაპირისპირებისას ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებები ფიქციად იქცა. საქართველოს ნულოვანი პოზიციიდან მოუწია საერთაშორისო სტანდარტებით აღიარებული ადამიანის უფლებების დაცვის სისტემის შექმნა.
1996 წლის 16 მაისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ორგანული კანონი სახალხო დამცველის შესახებ. ამ კანონის საფუძველზე საქართველოში შეიქმნა სახალხო დამცველის ინსტიტუტი, რომელიც ზედამხედველობას უწევს საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას, ხელს უწყობს დარღვეული უფლებების აღდგენას და ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის სფეროში. წლების განმავლობაში სახალხო დამცველის ინსტიტუტმა გაიარა სირთულეებით აღსავსე განვითარების გზა. დღეს სახალხო დამცველის ინსტიტუტი ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით ლიდერია და სხვადასხვა სოციოლოგიურ კვლევებში საზოგადოების მაღალი ნდობის ხარისხით სარგებლობს.
სტრატეგიის ცნება - მისია, ხედვა, ღირებულებები
სახალხო დამცველის მისია არის ზედამხედველობა გაუწიოს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვას, ხელი შეუწყოს დარღვეული უფლებების აღდგენას და მხარი დაუჭიროს საზოგადოებაში ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების უკეთ გააზრებას.
მომდევნო სამ წელიწადში სახალხო დამცველის პოლიტიკა გრძელვადიან მიზნებზე იქნება ორიენტირებული. ეს ნიშნავს, რომ სახალხო დამცველი მუდმივად მოახდენს რეაგირებას ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტებზე, თუმცა, ამავდროულად იმუშავებს გარემოს შექმნაზე, რომელიც თავისთავად ხელს შეუწყობს ადამიანის უფლებათა დარღვევის მასშტაბების შემცირებას. ამჟამად ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში დგას გამოწვევა, რომელიც მოითხოვს ცალკეულ ფაქტებზე რეაგირებასთან ერთად ტენდენციების შექმნაზე მუშაობას. თუ აქამდე უფლებათა დარღვევების ფაქტებმა შექმნა უფლებათა დარღვევის ტენდენცია და წარმოაჩინა უფლებათა დაცვისთვის არასახარბიელო გარემო, დროა უფლებათა დაცვის ფაქტობრივმა გამოცდილებამ შექმნას უფლებათა დაცვის ტენდენცია და ადამიანის უფლებების რეალიზაციისთვის სასურველი გარემო.
ვინაიდან, ორგანული კანონი სახალხო დამცველს არამხოლოდ უფლებათა დაცვაზე ზედამხედველობას, არამედ უფლებათა დაცვის მიმართულებით საგანმანათლებლო ფუნქციასაც ანიჭებს, სახალხო დამცველის ოფისის სტრატეგიის არსებით ელემენტად რჩება ამოცანა, რომ საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს არა მხოლოდ სახალხო დამცველის მხრიდან ზრუნვის საგანი, არამედ აქტიური სუბიექტი, რომელიც თავად იბრძოლებს საკუთარი და სხვისი უფლებებისათვის და ამ ბრძოლაში სახალხო დამცველის მხრიდან უპირობო მხარდაჭერა ექნება.
სახალხო დამცველის სტრატეგიის მონახაზი შედგება ოთხი ელემენტისაგან:
ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დაცვის სფეროში შექმნილი ვითარება
რა მიზნებს გვსურს მივაღწიოთ სამი წლის შემდეგ ამ სფეროში
რა რესურსები გვაქვს საიმისოდ, რათა არსებული მოცემულობა გარდავქმნათ სასურველად
როგორია ფონი, რომელშიც მოგვიწევს სტრატეგიის საფუძველზე შექმნილი სამოქმედო გეგმის რეალიზაცია
სახალხო დამცველის ოფისმა სტრატეგიის შესრულება უნდა უზრუნველყოს ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული თითოეული საქმისადმი მიუკერძოებელი და სამართლიანი მიდგომით, დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხის შენარჩუნებით, ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით, თითოეული სუბიექტისადმი ყურადღების და პატივისცემის გამომჟღავნებით, თანამშრომლებისადმი ღირსეული მოპყრობით, მათი პროფესიული განვითარებისა და ეფექტური მუშაობისთვის საჭირო პირობების შექმნით და შესაბამის ეროვნულ და საერთაშორისო ინსტიტუტებთან ეფექტური თანამშრომლობით.
არსებული ვითარების შეფასება
ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებული ვითარება განსაზღვრულია მთელი რიგი პოლიტიკური, სოციალური, კულტურული (ამ სიტყვის უზოგადესი გაგებით) და ფსიქოლოგიური ფაქტორებით.
საქართველოში ყველა არსებული ხელისუფლება ადამიანის უფლებების დაცვას ოფიციალურად პოლიტიკის პრიორიტეტად აცხადებდა, მაგრამ რეალურად არაფერს აკეთებდა მისი ცხოვრებაში გატარებისათვის. შესაბამისად, საზოგადოების მოლოდინს არ თანხვდებოდა ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებული მდგომარეობა.
ამჟამად, ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში, საქართველოში შექმნილია საკმაოდ არასახარბიელო ვითარება. ადამიანის უფლებების მიმართ ჩამოყალიბდა ისეთი დამოკიდებულება, რომ სახელმწიფო უწყებებში ფაქტობრივად არ ხდება რეაგირება სრულიად აშკარა დარღვევებზეც კი.
გასული ოთხი წლის განმავლობაში ბევრი გაკეთდა მატერიალურ სფეროში სახელმწიფოს აღმშენებლობის კუთხით, თუმცა, ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ ქვეყანაში შეიქმნა უმძიმესი ვითარება, რამაც მოქალაქეს დაუკარგა ნდობა სახელმწიფოსადმი. ხელისუფლება ერთი მხრივ დეკლარირებას ახდენს, რომ მისი მიზანია საქართველოს ევროპულ ოჯახში შეყვანა და დამკვიდრება, მეორე მხრივ, არ ჩანს პოლიტიკური ნება, რომ საქართველოში დაცული იყოს ევროპული ღირებულებები. მეტიც, თითქოს მიზანმიმართულად ხდება ამ ღირებულებათა გაუფასურება.
2008 წლის 5 იანვრის პლებისციტზე მოსახლეობამ პასუხი გასცა ხელისუფლების შეკითხვას და დაადასტურა, რომ სურს ჩრდილოატლანტიკური თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ნატო) იხილოს საქართველო. ეს მიუთითებს დემოკრატიულ, უსაფრთხო, განვითარებულ და ძლიერ სახელმწიფოში ცხოვრების დიდ სურვილზე, მაგრამ ჩვენ ვერ დავძლევთ სიღარიბეს, ვერ განვავითარებთ წარმოებას, ვერ გავხდებით უკეთესი ქვეყანა, თუ არ დავიცავით მთავარი - ადამიანი და მისი უფლებები.
სტრატეგიული მიზნები
სახალხო დამცველის ინსტიტუტი თავისი არსით არ არის სახელმწიფო პოლიტიკის უშუალო შემქმნელი, არამედ ამ პოლიტიკის შემფასებელია. იგი არაპირდაპირ მონაწილეობს პოლიტიკის ფორმირებაში, რადგან ზედამხედველობას უწევს ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვას, ხელს უწყობს დარღვეული უფლებების აღდგენას და ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას. შესაბამისად დაგეგმვის პროცესში უნდა დაისახოს ისეთი მიზნები, რომელიც მიღწევადი და რეალისტური იქნება.
სტრატეგიის მიზნები ცალკეული პრიორიტეტების მიხედვით უნდა იყოს:
პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების დაცვა: ნათელია, რომ პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების სრულყოფილი რეალიზების გარეშე, შეუძლებელია ლაპარაკი წარმატებულ პოლიტიკაზე დანარჩენი უფლებების დაცვის სფეროში. სახალხო დამცველის ოფისის სტრატეგია ეფუძნება იმას, რომ პოლიტიკურ და სამოქალაქო სფეროში უფლებების დაცვა არის საფუძველი და გარანტია სხვა სფეროებში შესაძლო წინსვლისა. პოსტსაბჭოთა ხელისუფლებაში გავრცელებული შეხედულება, თითქოს სოციალური ან სხვა სახის უფლებები შეიძლება დაცულ იქნეს პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების გარანტირების გარეშე, საფუძველშივე უნდა იქნეს უკუგდებული, ვინაიდან ნათელია, რომ თუ ადამიანი ვერ ახერხებს საკუთარი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების განხორციელებას, ის ვერ მოახერხებს საკუთარი სოციალური ან სხვა სახის უფლებების რეალიზებასაც. ამიტომ სახალხო დამცველის ოფისი უპირველეს პრიორიტეტად მიიჩნევს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცვას. ამ მიმართულებით სახალხო დამცველის ოფისის მოქმედებას აიოლებს შემდეგი გარემოებები:
1) მოსახლეობის პოლიტიზაციის მაღალი დონე, რაც განაპირობებს იმას, რომ მოქალაქეთა დიდ ნაწილს გააზრებული აქვს პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების მნიშვნელობა საქართველოს შემდგომი განვითარებისათვის;
2) სამართლებრივი ბაზის სრულყოფის პროცესი
3) მედიის პრიორიტეტული ინტერესი პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების დაცვის ასპექტით; 4) საერთაშორისო მხარდაჭერა;
ინფორმაციის თავისუფლების დაცვა: სახალხო დამცველის სამწლიან სტრატეგიაში პრიორიტეტული მნიშვნელობა მიენიჭება მედიასაშუალებების დაცვას ნებისმიერი სახის შეზღუდვებისაგან. დამოუკიდებელი მედია დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია და სახალხო დამცველის ოფისი ყველაფერს გააკეთებს მისი დამოუკიდებლობის დაცვისათვის. მედიის თავისუფლების დაცვას აიოლებს შემდეგი გარემოებები:
1) ჟურნალისტების პასუხისმგებლობა, მათ მიერ თავიანთი უფლებებისა და მოვალეობების საკმარისი ცოდნა;
2) მოსახლეობის ინტერესი მედიასაშუალებების მიმართ;
3) მეტ-ნაკლებად კომპეტენტური ჟურნალისტთა კორპუსის არსებობა.
უნდა აღინიშნოს რომ ამ მიმართებით არსებობენ ხელისშემშლელი ფაქტორებიც, სახელდობრ:
1) თვითცენზურა, როდესაც ჟურნალისტები ახდენენ კრიტიკული მუხტის შეგნებულად შემცირებას.
2) ჟურნალისტური სოლიდარობის ინსტიტუტის განუვითარებლობა, რაც გამოიხატება იმაში, რომ არ არსებობს ჟურნალისტური პროფკავშირი; ჟურნალისტები პრაქტიკულად მთლიანად არიან დამოკიდებულნი დამქირავებლებზე. გარდა ამისა აუცილებელია იმის აღნიშვნაც, რომ გარდა მედიასაშუალებების წარმომადგენელთა უფლებებისა აუცილებელია მედიასაშუალებების მომხმარებელთა უფლებების დაცვაც.
3) მედიასაშუალებებზე ხელისუფლების მხრიდან კონტროლის განხორციელების მცდელობა
სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვა: სასამართლო არის ადამიანის უფლებების დაცვის უპირველესი და უმთავრესი გარანტი. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მოსამართლეთა კომპეტენტურობა, დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, რასაც დემოკრატიულ ქვეყანაში მცხოვრები ყოველი მოქალაქე სრულიად სამართლიანად მოელის.
ამ მხრივ მთავარ პრობლემას წარმოადგენს პოლიტიკური ნების არარსებობა ჭეშმარიტად დამოუკიდებელი სასამართლოს ჩამოყალიბებისათვის, რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს არა მხოლოდ მართლმსაჯულების განხორციელებაზე, არამედ ზოგადად სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაზე. მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველს არა აქვს რეალური ბერკეტები ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად, მას შეუძლია ამ მიმართულებით საკანონდებლო წინადადებების, მოხსენებების, რეკომენდაციების მომზადება და საგანმანათლებლო კამპანიის წარმოება.
სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვა: ეკონომიკური განვითარების პროცესით მიღებული სარგებელი სამართლიანად უნდა განაწილდეს მოქალაქეებზე. მომავალი 3 წლის განმავლობაში სახალხო დამცველი კვლავაც აქტიურად იმუშავებს ქვეყანაში განათლების, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სფეროებში ადამიანის უფლებათა უკეთესი რეალიზებისთვის. ამ მხრივ სახალხო დამცველის მუშაობის მასშტაბი სამ წელიწადში გაფართოვდება. ამ მიმართულებით აქტივობებს ანალიტიკური და საგანმანათლებლო ხასიათი ექნება. ერთის მხრივ სახალხო დამცველის ოფისი განაგრძობს კონკრეტული საქმეების შესწავლას და მათზე რეაგირებას, მეორეს მხრივ შესაძლებლობების ფარგლებში მონიტორინგს გაუწევს იმ მექანიზმებს, რომელიც აღნიშნულ სფეროებში ფუნქციონირებს. ამის საფუძველზე საკანონმდებლო წინადადებების, რეკომენდაციების და მოხსენებების მომზადებასთან ერთად მოხდება მძლავრი საგანმანათლებლო კამპანიის განხორციელება. სახალხო დამცველისთვის პრიორიტეტი იქნება სიღარიბის, როგორც ადამიანის უფლებების რეალიზებისთვის ერთ-ერთი მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორის წინააღმდეგ ბრძოლა, მისი ძირეული მიზეზების საზოგადოებამდე მიტანა ადამიანის უფლებათა ჭრილში.
მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა საკუთრების უფლების დაცვას, რომელიც მოულოდნელად იქცა უფლებების დაცვის სფეროს აქტუალურ თემად. ჰიპერლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკისას, რომელიც ხელისუფლების დეკლარირებული კურსის ქვაკუთხედს წარმოადგენდა, კერძო საკუთრების გარანტირებული ფლობა თითქოს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დამდგარიყო ეჭვის ქვეშ. მაგრამ ქართული საზოგადოება მოულოდნელად კერძო საკუთრების მასიური ხელყოფის ფაქტების წინაშე აღმოჩნდა. უახლოესი სამი წლის განმავლობაში კანონიერი საკუთრების ხელყოფის პრევენცია სახალხო დამცველის ოფისის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება.
კონფლიქტის ზონებში მცხოვრებთა უფლებების დაცვა: სახალხო დამცველის ოფისი მოკლებულია შესაძლებლობას განახორციელოს მონიტორინგი კონფლიქტურ ზონებში ადამიანის უფლებების დაცვაზე რაც სახალხო დამცველისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. კონფლიქტის ზონებში ადამიანის უფლებების მასიურ დარღვევებს მომავალში აუცილებლად უნდა დაუპირისპირდეს როგორც ადამიანის უფლებათა დაცვაზე უწყვეტი მონიტორინგის განხორციელება, ასევე სამოქალაქო განათლების მძლავრი კამპანია თავად კონფლიქტის ზონებში.
სამოქალაქო განათლება სახალხო დამცველის ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქციაა. სამოქალაქო განათლების პროცესი ადამიანის უფლებების სფეროში სტრატეგიულ ხასიათს იძენს, რადგან მხოლოდ ფაქტებზე რეაგირებით სახალხო დამცველის სტრატეგიული მიზნების მიღწევა შეუძლებელია. საგანმანათლებო კამპანიის საშუალებით სახალხო დამცველი შეძლებს დადებითი ტენდენციების მხარდაჭერას, უფლებათა დარღვევების პრევენციას და ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების შესახებ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას.
უახლესი პერიოდის გამოცდილებაზე დაყრდნობით სახალხო დამცველისთვის სტრატეგიული მიმართულებები იქნება:
თავისუფლების შეზღუდვის ადგილებში ადამიანის უფლებების დაცვა
უმცირესობების უფლებების დაცვა
დევნილთა და ლტოლვილთა უფლებების დაცვა
ბავშვის უფლებების დაცვა
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებების დაცვა
გენდერული თანასწორობის მხარდაჭერა - ქალის და მამაკაცის თანაბარი მონაწილეობის ხელშეწყობა
რესურსები
სახალხო დამცველის სტრატეგიის რეალიზების მიზნით აუცილებელია სათანადო მატერიალური და ადამიანური რესურსები. ამასთან უნდა გავითვალისწინოთ, რომ ნებისმიერ სფეროში რესურსების დეფიციტი ჩვეულებრივი მოვლენაა და ამოცანა ხშირად რესურსების მექანიკურ გაზრდაში კი არ არის, არამედ არსებული რესურსების უფრო რაციონალურად გამოყენებაში ანდა რესურსების მოზიდვის აქამდე გამოუყენებელი წყაროების მოძიებაში.
სახალხო დამცველის ოფისის ეფექტური ფუნქციონირებისათვის არსებობს შემდეგი რესურსები:
კონსტიტუციური სტატუსი დაკონკრეტებული ორგანული კანონით ქმნის სახალხო დამცველის მოქმედებისათვის სამართლებრივ სივრცეს;
მაღალკვალიფიციური კადრები, რომელთაც აქვთ სათანადო გამოცდილება ადამიანების უფლებების დაცვის სფეროში;
მოტივაცია, რომელიც უკავშირდება სახალხო დამცველის ინსტიტუტის პრესტიჟს, მის სამოქალაქო მნიშვნელობას, რომელიც ამ სფეროში საქმიანობას მიმზიდველს ხდის;
ძლიერი საინფორმაციო ბაზა, რომელიც მოიცავს ელექტრონულ თუ ბეჭდვით რესურსებს და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში ოფისის წინაშე არსებული ამოცანების სრულყოფილი გააზრების საშუალებას იძლევა (სახალხო დამცველის ბიბლიოთეკა, სახალხო დამცველის ზოგადი და სპეციალური ანგარიშები, მონიტორინგის პროცესში მოპოვებული რაოდენობრივი და თვისობრივი მონაცემები და სხვა );
საბიუჯეტო დაფინანსება, რომელიც გარკვეულ დონეზე ოფისის მუშაობას მდგრადს ხდის;
ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა;
სახალხო დამცველის სტრატეგიულ მიზნების რეალიზაციისათვის საჭირო სარესურსო ბაზის გაზრდის მიზნით, საჭიროდ მიგვაჩნია შემდეგი შესაძლებლობების გამოყენება:
საკანონმდებლო წინადადებები ანუ სახალხო დამცველის უფლებამოსილებების განმსაზღვრელი საკანონმდებლო ბაზის შემდგომი სრულყოფა და განვითარება;
დაგეგმვისა და მართვის პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა;
რეგიონული ოფისების გაძლიერება, რაც მნიშვნელოვნად დაზოგავს რესურსებს. უმჯობესია ადამიანის უფლებების ადგილობრივი დამცველების ტრეინინგების ინტენსიფიკაცია მოხდეს და ამაზე დაიხარჯოს გარკვეული თანხები. სამაგიეროდ გრეძლევადიან პერსპექტივაში ეს მნიშვნელოვან უკუგებას მოგვცემს;
პროექტების მომზადების და განხორციელებისთვის განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ფინანსური რესურსების მოძიებას; სამოქალაქო განათლება, ინსტიტუციური გაძლიერება, კვლევები და სხვა - არის მიმართულებები, რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ჰპოვოს დონორების მხრიდან; მნიშვნელოვანია სერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გააქტიურება - მათთან კომუნიკაციის და კოორდინაციის გაუმჯობესება;
სხვა ქვეყნების ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ ინსტიტუტებთან სტრატეგიული პარტნიორობის სისტემის ჩამოყალიბება, საერთაშორისო წარმატებული გამოცდილების გაზიარების და საქართველოში დამკვიდრების მიზნით;
ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაძლიერება. ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც დამოუკიდებლად, არასაკმარისი რესურსებისა თუ სხვა ხელისშემშლელი ფაქტორების გამო ადამიანის უფლებათა დაცვის ეფექტური განხორციელება ვერ მიიღწევა, საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმირება, ჩართულობა და მხარდაჭერა სახალხო დამცველისთვის სტრატეგიულია. მომდევნო სამი წლის განმავლობაში სახალხო დამცველის მიზანი იქნება სამოქალაქო სექტორის გაძლიერების ხელშეწყობა.
ცნობილი სახეების აქტიური ჩართვა ადამიანი უფლებათა დაცვის საქმეში, რომელიც ერთნაირად შეიძლება ატარებდეს როგორც ერთჯერად, ისე გრძელვადიანი თანამშრომლობის ფორმას;
საზოგადოებასთან ინტერაქციის დინამიური მექანიზმის შექმნა. სახალხო დამცველისთვის მნიშვნელოვანია მოქალაქეებთან პირდაპირი ურთიერთობა, რადგან ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, რომელსაც გავლენა აქვს ადამიანის უფლებებზე იწვევს საზოგადოების სხვადასხვა რეაქციებს. დარღვევებზე რეაგირების, სამოქალაქო განათლების დაგეგმვის, საზოგადოების ჩართულობის დონის გაზრდის და მისი აზრის გათვალისწინების მიზნით საჭიროა საინფორმაციო ინტერაქციის დამატებითი მექანიზმების დანერგვა (ფორუმი, კითხვა-პასუხის მოდული, საზოგადოებრივი აზრის კვლევის მოდული და სხვა);
ადამიანის უფლებების დაცვის პროცესში სახალხო დამცველის წინაშე ხშირად დგება ისეთი რთული ამოცანების გადაწყვეტის საჭიროება, რომელთათვის ოფისის რესურსები საკმარისი არ არის. ანალიტიკური ანგარიშები, საკანონმდებლო წინადადებები, საკანონმდებლო დოკუმენტების ანალიზი და სხვა ამოცანები ხშირად მოითხოვს დამატებით ჩართულობას. ამ მიზნით სახალხო დამცველისთვის სტრატეგიულია "Task force" ("თასქ ფორს") პრინციპის დამკვიდრება;
ოფისში ანალიზისა და პროგნოზირების ჯგუფის შექმნა, რომელიც მოცემული ინფორმაციის ანალიზზე დაყრდნობით მოახდენს მოვლენათა განვითარების შესაძლო პროგნოზირებას და ხელს შეუწყობს პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას. ჯგუფი უნდა მუშაობდეს ოფისის ინფორმაციისა და პოლიტიკის და სტრატეგიული განვითარების ერთეულების კოორდინირებით;
მოყვანილი პოზიტიური რესურსებისა და შესაძებლობების გარდა არსებობს ფაქტორები, რომლებიც ხელს უშლის სახალხო დამცველის ოფისის შემდგომ განვითარებას. ამ ფაქტორების ნეიტრალიზება აუცილებელია სახალხო დამცველის ინსტიტუტის შემდგომი განვითარებისათვის. ამ ფაქტორთაგან გამოვყოფთ შემდეგს:
განუვითარებელი ინსტიტუციური მეხსიერება, რაც უკავშირდება საქართველოში სახალხო დამცველის ინსტიტუტის რეალური ფუნქციონირების უწყვეტი ტრადიციის არარსებობას. ეს განპირობებულია არა იმდენად სახალხო დამცველის ინსტიტუტის მოქმედებით ან უმოქმედობით, არამედ იმით, რომ ზემოხსენებული მიზეზების გამო, სახალხო დამცველის ინსტიტუტი ისტორიულად განიხილებოდა, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების დანამატი. სამწლიანი სტრატეგიის ერთ-ერთი პრიორიტეტია, ამ ინსტიტუტის გადაქცევა უწყვეტად მოქმედ სამოქალაქო ინსტიტუტად, რომელსაც ექნება თავისი ტრადიციები და მიდგომები, მიუხედავად იმისა თუ ვინ იქნება ამ ინსტიტუტის სათავეში;
არასაკმარისი მატერიალურ-ტექნილური ბაზა, გამოხატული მატერიალურ საშუალებათა მთელი კომპლექსით, დაწყებული არაადეკვატური ინფრასტრუქტურით და დასრულებული ინფორმაციის შენახვის და მოხმარების მოძველებული ბაზით. აქვე უნდა დავასახელოთ ოფისის მართვის პროცესში ინფორმაციის შენახვის, მოძიების და მოხმარების პროცესის უზრუნველყოფის თანამედროვე ინფორმაციული სისტემების დეფიციტი;
დაგეგმვისა და მართვის თანამედროვე სისტემის უქონლობა. სახალხო დამცველის ოფისი განვითარების იმ ეტაპზე იმყოფება, როდესაც აუცილებელი ხდებასაინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვა. ევროპული და ამერიკული უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმატებულ გამოცდილებას წარმოადგენს შემთხვევათა მართვის სისტემა CTS (Case Tracking System), დოკუმენტთბრუნვის ელექტრონული სისტემა EFS (Electronic Forms Software) და სხვა გადაწყვეტილებები;
გარემოს შეფასება
ამჟამინდელი გარემო კარგ პირობებს ქმნის სახალხო დამცველის ოფისის სტრატეგიის პრინციპების და სამოქმედო გეგმის რეალიზაციისათვის. პირველ ყოვლისა უნდა აღინიშნოს სახალხო დამცველის ინსტიტუტისადმი საზოგადოების ნდობის მაღალის ხარისხი. ეს ნდობა უმნიშვნელოვანესი რესურსია, რომელიც გააიოლებს სამწლიანი სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის რეალიზაციას.
სახალხო დამცველის საქმიანობისათვის პოზიტიურ ფონს ქმნის ისიც, რომ დემოკრატიულ სისტემაზე, სამოქალაქო საზოგადოებასა და სამართლებრივ სახელმწიფოზე ცალსახად არსებობს საზოგადოებრივი შეკვეთა. ამგვარი საზოგადოებრივი შეკვეთა აიოლებს სახალხო დამცველის ინსტიტუტის ფუნქციონირებას. ამას ემატება უფლებადამცველი ინსტიტუტების როლის განუხრელი ზრდა ქართულ საზოგადოებაში.
სახალხო დამცველის საქმიანობისათვის ხელსაყრელ ფონს ქმნის ქართული საკანომდებლო ბაზის ჰარმონიზაციის პროცესი საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. ამას ემატება პარტნიორი და დონორი საერთაშორისო ინსტიტუტების მხარდაჭერა და საქართველოს სახალხო დამცველის ინსტიტუტის მაღალი საერთაშორისო ავტორიტეტი.
გარდა სახალხო დამცველის საქმიანობისათვის ხელშემწყობი მომენტებისა, არსებობს გარემოებები, რომელიც ხელს უშლის სახალხო დამცველის ოფისის ეფექტიან ფუნქციონირებას. "სახალხო დამცველის შესახებ" ორგანული კანონი მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფს ომბუდსმენის მოქმედებისათვის საჭირო ჩარჩოებს, მაგრამ ეს ბაზა გარკვეულწილად მოძველებულია და განახლებას საჭიროებს. ცვლილებებია განსახორციელებელი, როგორც ტექნიკურ საკითხებთან მიმართებით (ინფორმაციის მიღების ვადები, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შედგენის უფლებამოსილებები, ფოტო და ვიდეო გადაღება და ა.შ.), ასევე ფუნქციური უფლებამოსილებების ზრდის მხრივ (განმცხადებელთა წრის გაფართოება, AMICUS CURIAE-ს ფუნქცია და ა.შ.).
სახალხო დამცველის ოფისის ეფექტურ ფუნქციონირებას ხელს უშლის ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სიტუაციის არამდგრადი ხასიათი. ასევე, საფრთხეს წარმოადგენს ის, რომ სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შესაძლოა გაუჩნდეთ სახალხო დამცველის ინსტიტუტზე ზემოქმედების ინტერესი. სახალხო დამცველის ოფისი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იქცეს პოლიტიკურ ინსტიტუტად. როგორც აღვნიშნეთ, მისი სტატუსი შეიძლება განისაზღვროს, მხოლოდ როგორც სამოქალაქო ინსტიტუტისა.
სტრატეგიის განხორციელება
სტრატეგიის განხორციელებისთვის საჭიროა შემუშავდეს სამოქმედო გეგმა, რომელშიც მოცემული იქნება მიზნების (შედეგების) მიღწევისთვის საჭირო აქტივობები, მონაწილეები და პროცესის მონიტორინგისა და შეფასების სისტემა. ასევე საჭიროა შემუშავდეს კომუნიკაციის გეგმა - სახალხო დამცველის საინფორმაციო პოლიტიკის ეფექტური განხორციელების დეტალური პროგრამა.