სიახლეები

სახალხო დამცველის შეხვედრა „ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის“ დირექტორთან

2015 წლის 23 ივნისს სახალხო დამცველის ინიციატივით „ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის“ დირექტორთან ირაკლი შიხიაშვილთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას უჩა ნანუაშვილთან ერთად ესწრებოდნენ სახალხო დამცველის მოადგილე ნათია კაციტაძე და სახალხო დამცველის აპარატის თავდაცვის სფეროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამარ გაბიანი.

სახალხო დამცველმა ახლად შექმნილი დეპარტამენტის თაობაზე ისაუბრა, რომლის საქმიანობის ერთ–ერთი მთავარი მიმართულება ვეტერანთა უფლებების დაცვაა. ასევე, განიხილეს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებთან დაკავშირებული პრობლემები, მათი უფლებრივი მდგომარეობა და ის ხარვეზები, რომლებიც დროულ აღმოფხვრას საჭიროებს.

სახალხო დამცველი დაინტერესდა ვეტერანთა სოციალური მდგომარეობისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სუბსიდიებისა თუ სხვა შეღავათების საკითხით, ვეტერანებისათვის გამოყოფილი ბიუჯეტითა და სოციალური პაკეტებით. ისაუბრეს ვეტერანთა ჩასახლებებში არსებული სავალალო პირობებისა და მათი ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილების შესაძლებლობის შესახებ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ვეტერანთა ჰოსპიტალში არსებული პირობები ვერ აკმაყოფილებს პაციენტთა მომსახურებისათვის საჭირო სტანდარტებს და მიზანშეწონილია ალტერნატიული შენობის მოძიება და სამედიცინო აღჭურვილობით უზრუნველყოფა.

ირაკლი შიხიაშვილმა ვრცლად ისაუბრა ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებთან დაკავშირებულ არსებულ და სამომავლო პროექტებსა და გეგმებზე. მხარეები მომავალ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

23.06.15

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება