სიახლეები

2019 წლის 20-21 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის შესწავლის პროცესში შექმნილი სახალხო დამცველის საკონსულტაციო საბჭოს სხდომები

სხდომა N1

17.07.2019

საკონსულტაციო საბჭოს პირველ სხდომას ესწრებოდა დებულებით დამტკიცებული საბჭოს ათივე წევრი. კერძოდ, დიმიტრი ხაჩიძე, სოფიო ასათიანი, მარინა კაპანაძე, ანი ნასრაშვილი, თამთა კახიძე, გიორგი გოგია, მაია მწარიაშვილი, ქეთევან ჩომახაშვილი, გიორგი ნონიაშვილი და ამირან გიგუაშვილი. ასევე, სახალხო დამცველის გადაწყვეტილებით საკონსულტაციო საბჭოს პირველ სხდომას ესწრებოდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური.

საბჭოს ხელმძღვანელობდა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია. სხდომას ესწრებოდნენ სახალხო დამცველის მოადგილეები გიორგი ბურჯანაძე და ეკატერინე სხილაძე, ასევე, სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის თანამშრომლები ალდონა ქაჩიბაია, ნინო ტრაპაიძე და გვანცა ჩხაიძე.

სახალხო დამცველმა საბჭოს წევრებს გააცნო საკონსულტაციო საბჭოს შექმნის მიზანი, მოქმედების ფარგლები, ასევე, გააცნო 2019 წლის 20-21 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის გამოძიების პროცესში სახალხო დამცველის ზედამხედველობის ფუნქციით ჩართვის მიზნები და ფარგლები.

სახალხო დამცველის მოადგილემ გიორგი ბურჯანაძემ საბჭოს წარუდგინა სახალხო დამცველის აპარატის მიერ, ამ ეტაპისთვის, შესრულებული სამუშაოს შედეგები და შეაჯამა საქმის შესწავლის შედეგად მიღებული ინფორმაცია (საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე პირების იდენტიფიცირების გარეშე, ასევე, სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გასაჯაროების გარეშე).

საბჭოს წევრები დაინტერესდნენ როგორც საორგანიზაციო საკითხებით, ისე სახალხო დამცველის მხრიდან საქმის მონიტორინგის სპეციფიკით და ასევე, საბჭოს უფლებამოსილების ფარგლებით.

საბჭოს წევრებმა წარმოადგინეს მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორია, აუცილებლობის შემთხვევაში, მიტინგის დაშლის დაგეგმვისა და განხორციელების საუკეთესო პრაქტიკა, როგორ უნდა ემოქმედა შინაგან საქმეთა სამინისტროს 20-21 ივნისს, როგორც აქციამდე, ისე დაშლისას და აქციის შემდეგ. ძირითადი ყურადღება გამახვილდა ძალის გამოყენების პროპორციულობაზე, გამოყენებულ სპეციალურ საშუალებებზე, მათ ექსპერტიზაზე და აქციის დაშლის შემდგომ გამოყენებული ძალის დოკუმენტირებაზე.

სახალხო დამცველს მიეცა რეკომენდაციები იმასთან დაკავშირებით, თუ რას მიაქციოს აპარატმა ყურადღება საქმის შესწავლის პროცესში. ამ მიზნით ხაზი გაესვა მაღალი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის დადგენის აუცილებლობას, ასევე, ბრძანების უშუალო შემსრულებლების ქმედებებისა და მათ ქმედებებზე აქციის მიმდინარეობისას პასუხისმგებელი პირების პასუხისმგებლობის საკითხებს.

საბჭოს წევრები, ისევე როგორც სახალხო დამცველი, მიიჩნევენ, რომ გამოძიება არ უნდა წარიმართოს მხოლოდ შსს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე, და გამოძიების ინტერესში უნდა მოექცეს სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების სისტემური ხასიათის დადგენაც. გამოძიების მიზანი 20-21 ივნისის მოვლენების სრული სურათის აღდგენა უნდა იყოს, რომელიც როგორც აქციის დაშლის გადაწყვეტილების მიღების მართლზომიერების, ასევე მისი განხორციელების ლეგიტიმურობის დადგენას მოიცავს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)