სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველი რუსთაველის გამზირზე 2019 წლის 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება

საქართველოს სახალხო დამცველი და მისი წარმომადგენლები პირველივე წუთებიდან აქტიურად აკვირდებიან ქვეყანაში რუსი დეპუტატების ჩამოსვლისა და რუსეთის ოკუპაციის გასაპროტესტებლად გამართულ აქციასთან დაკავშირებულ მოვლენებს.

აქციის დაწყებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, მანიფესტანტებმა პარლამენტის შენობაში შესვლა სცადეს, რასაც ადგილზე მობილიზებულ სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლებთან მწვავე დაპირისპირება მოყვა. სახალხო დამცველმა მოუწოდა ხელისუფლებას, ძალადობის ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით, გადაედგა დროული პოლიტიკური ნაბიჯები. ასევე, მოუწოდა აქციის მონაწილეებს, შეეწყვიტათ ძალადობრივი ქმედებები ხოლო პოლიციას, არ გამოეყენებინა არაპროპორციული ძალა.

საბოლოოდ, ხელისუფლებამ საპროტესტო აქცია ძალის გამოყენებით დაშალა, რის შედეგადაც ორასზე მეტი ადამიანი დაშავდა. სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, მათ შორის, ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენეს.[1]

[1] სახალხო დამცველი განმარტავს, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარება ადამიანის კონსტიტუციით გარანტირებული ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების არსებობის და მისი განვითარების ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს. აღნიშნული უფლების მნიშვნელობის მიუხედავად, კანონმდებლობა მხოლოდ მშვიდობიან შეკრებებს იცავს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აქცია მიიღებს ძალადობრივ ან/და კანონსაწინააღმდეგო ხასიათს, იგი იმთავითვე გამოირიცხება კონსტიტუციით დაცული სფეროდან. აქვე საყურადღებოა, რომ ხელისუფლების მხრიდან შეკრების შეწყვეტა მხოლოდ უკანასკნელ საშუალებად უნდა იქნას გამოყენებული, ხოლო აღნიშნულის ფარგლებში ძალის გამოყენება უნდა აკმაყოფილებდეს აუცილებლობისა და პროპორციულობის მკაცრ ტესტს.

პოლიციის მხრიდან იძულების ღონისძიებების, მათ შორის, აქტიური სპეციალური საშუალებების (სპეციალური ხელკეტი, ცრემლსადენი გაზი, აკუსტიკური საშუალება, არალეტალური იარაღი და სხვ.) პროპორციული გამოყენება დასაშვებია კანონიერი მიზნის მისაღწევად, ინტენსივობით გამოსადეგი საშუალების აუცილებლობის ფარგლებში. ამასთან, სავალდებულოა აქციის მონაწილეების წინასწარი გაფრთხილება და კანონიერი მოთხოვნების შესასრულებლად, მათთვის გონივრული ვადის მიცემა. იძულების ღონისძიების სახე და ინტენსიურობა უნდა განისაზღვროს კონკრეტული სიტუაციის, სამართალდარღვევის ხასიათისა და სამართალდამრღვევის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით. მნიშვნელოვანია, სამართალდამცავები შეეცადონ მიყენებული ზიანი მინიმალური და თანაზომიერი იყოს. გასათვალისწინებელია, რომ აკრძალულია ისეთი საშუალებების გამოყენება, რომელიც იწვევს მძიმე დასახიჩრებას.

20 ივნისის აქციის მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ განსახილველ შემთხვევაში ძალის გამოყენებამდე ადგილზე არ მომხდარა აქციის მონაწილეების მკაფიო და გასაგები ფორმით გაფრთხილება სპეციალური საშუალებების მოსალოდნელი გამოყენების თაობაზე. აქციის მონაწილეებისთვის პოლიციას არც გონივრული დრო მიუცია. ამასთან, მედიით გავრცელებული არაერთი ინციდენტის ამსახველი კადრი (მაგ., რეზინის ტყვიების დამიზნებით სროლა თავის არეში მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ) მიუთითებს სამართალდამცავთა მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე. ძალის გადამეტების სავარაუდო შემთხვევები იკვეთება, აგრეთვე, დაკავებულებისგან მიღებული განმარტებებითა და საჯაროდ გავრცელებული ვიდეო მასალით. ყოველივე აღნიშნული საჭიროებს საქართველოს გენერალური პროკურატურის მხრიდან დროულ და ეფექტიან გამოძიებას.

ცალკე შეფასების საგანია მიმდინარე მოვლენების გაშუქების მიზნით ადგილზე მყოფი ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის, დაკავებისა და დაშავების ფაქტები. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ინფორმაციის თანახმად, პოლიციის მიერ საპროტესტო აქციის ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ტყვიებით შეწყვეტის შედეგად დაშავდა მედიის 33 წარმომადგენელი. რამდენიმე მათგანის განცხადებით, პოლიცია მათ რეზინის ტყვიებს დამიზნებით ესროდა მას შემდეგაც კი, როცა ისინი სამართალდამცავებს ეუბნებოდნენ, რომ მედიის წარმომადგენლები იყვნენ.

ამ დროისთვის სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მონიტორინგი განახორციელეს პოლიციის სამმართველოებსა და დროებითი მოთავსების იზოლატორებში. დადგინდა 121 დაკავებული პირის ადგილსამყოფელი. მოინახულეს 63 დაკავებული მოქალაქე.

სახალხო დამცველის წარმომადგენლები მივიდნენ თბილისის 6 საავადმყოფოში; შეხვდნენ და ესაუბრნენ ექიმებს, კლინიკის ადმინისტრაციასა და აქციის დაშლისას დაშავებულ მოქალაქეებს. სახალხო დამცველის აპარატმა დაადგინა, რომ კლინიკებში სულ რეგისტრირებული იყო აქციისას დაშავებული 217 პაციენტი. აქედან 80 დაშავებული პოლიციელი იყო. სახალხო დამცველის რწმუნებულების ვიზიტისას კლინიკებში რჩებოდა 54 დაშავებული პირი (მათ შორის, 8 პოლიციელი). ვიზიტისას მიღებული ინფორმაციით, ძირითადი დაზიანებები მიყენებულია თავის და ზედა კიდურების არეში, მათ შორის გაბნეული ჭრილობები. რამდენიმე მათგანი რჩებოდა რეანიმაციულ განყოფილებაში, მძიმე მდგომარეობაში. ამასთან, მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მიყენებული დაზიანებები არ იყო თანხვედრაში რეზინის ტყვიებით მიყენებულ ტიპიურ დაზიანებებთან და საჭიროებს შემდგომ შეფასებას.

სახალხო დამცველის წარმომადგენლები დილიდან იმყოფებიან თბილისის საქალაქო სასამართლოში. 21 ივნისის 15:00 საათის მონაცემებით, სასამართლოში რეგისტრირებული იყო 310 პირი. უმრავლესობასთან მოხერხდა გასაუბრება და ასევე დავესწარით მათ სასამართლო პროცესებს. სამწუხაროდ, საქმეთა განხილვა მიმდინარეობს დაჩქარებულად და დაკავებულებს არ ეძლევათ სამართლიანი სასამართლოს უფლებით და ისეთი მნიშვნელოვანი პროცედურული გარანტიებით სარგებლობა როგორიცაა, მტკიცებულებების წარდგენა, ეფექტური დაცვის უფლება, საქმის გონივრულ ვადებში განხილვა. სხდომების მიმდინარეობისას არის სმენადობის (უმეტეს შემთხვევაში გათიშულია დინამიკები) სერიოზული პრობლემა, რითიც ირღვევა სხდომების საჯაროობის პრინციპი.

სახალხო დამცველი მიმართავს:

საქართველოს გენერალურ პროკურატურას

  • დაიწყოს და ჩაატაროს ეფექტიანი გამოძიება არაპროპორციული ძალის გამოყენების, ასევე, დაკავებულების მიმართ ძალადობის სავარაუდო ფაქტებზე
  • დაიწყოს და აწარმოოს ეფექტიანი გამოძიება ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებებისა და მათ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტების გარშემო

საქართველოს მთავრობას

  • აქციაზე დაზარალებულ პირთა მკურნალობისა და რეაბილიტაციის ხარჯები, ანაზღაურდეს სრულად

თბილისის საქალაქო სასამართლოს

  • აქციაზე დაკავებულ პირთა მიმართ სამართალწარმოება წარიმართოს ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების სრულად შესაბამისად

სახალხო დამცველი აგრძელებს როგორც სამართალდამცავთა მხრიდან აქციის შეწყვეტისას ზემოხსენებული პრინციპების სავარაუდო დარღვევისა და ძალის გადამეტების შემთხვევების, ისე ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ფაქტების დეტალურ შესწავლას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)