ახალი ამბები

სახალხო დამცველმა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში შეხვედრები გამართა

2019 წლის 5 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტების იმ ნაწილს შეხვდა, რომელთაც კრიტიკული დამოკიდებულება აქვთ მაუწყებლის ხელმძღვანელობის მიმართ. შეხვედრაზე ჟურნალისტებმა სახალხო დამცველს გარკვეული ფაქტები გააცნეს, რომელთა თანახმად, მიაჩნიათ რომ საფრთხის ქვეშ დგება კრიტიკული მაუწყებლობა და სარედაქციო დამოუკიდებლობა.

სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ იგი სრულად უჭერს მხარს ჟურნალისტთა საქმიანობასა და სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაურევლობის პოლიტიკას და ყურადღებით დააკვირდება ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებს.

„ჟურნალისტთა საქმიანობაში ჩარევა, მითუმეტეს იმ ხერხებითა და იმ ფორმებით, რაც ჩემთვის გახდა ცნობილი, მიუღებელია და ეს მოვლენები არაჯანსაღ გარემოს ქმნის ტელევიზიაში“, განაცხადა ნინო ლომჯარიამ შეხვედრის შემდეგ.

აჭარის მაუწყებლობის დირექტორთან გიორგი კოხრეიძესთან შეხვედრის შემდეგ სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ არსებული კონფლიქტური სიტუაცია ორივე მხარეს უქმნის სირთულეს, რის დასაძლევადაც სახალხო დამცველმა გიორგი კოხრეიძეს ურჩია მაქსიმალურად შეიკავოს თავი ჟურნალისტების მისამართით შენიშვნებისა და მითითებებისაგან და ძირითადი ყურადღება საორგანიზაციო და მენეჯმენტის საქმიანობაზე გაამახვილოს. ასევე მართებულად მიაჩნია აუდიტის მოწვევა და ექსპერტთა ჩართულობით ორგანიზაციის ფინანსური შემოწმება.

სახალხო დამცველი მზად არის აქტიურად ჩაერთოს ნდობისა და დიალოგის აღდგენას პროცესში. აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე არსებული დაპირისპირების შესასწავლად და ვითარების განსამუხტად საქმეში ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მედია ორგანიზაციები და ექსპერტები ჩაერთვებიან.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)