სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის შესახებ

დეპარტამენტის უფროსი - ეკა ხუციშვილი
დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - გვანცა ჩხაიძე

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის სტრუქტურული ერთეული – სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტი 2015 წლის 14 იანვარს აპარატში არსებული სტრუქტურული ერთეულის მართლმსაჯულების დეპარტამენტის რეორგანიზაციის შედეგად შეიქმნა. საქართველოს სახალხო დამცველის ბრძანების თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის სტრუქტურული ერთეული – მართლმსაჯულების დეპარტამენტი, მოცემულ სტრუქტურულ ერთეულში მოქმედი მიმართულებების გათვალისწინებით, ორი დეპარტამენტის სახით ჩამოყალიბდა:

  • სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტი;
  • სამოქალაქო–პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დაცვის დეპარტამენტი.

სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტი უფლებამოსილებების განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, შესაბამისი საერთაშორისო კონვენციებით, ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, მოქმედი შიდა კანონმდებლობით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის დებულებით.

სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის მიზანია საქართველოს სახალხო დამცველის ხელშეწყობა მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის პროცესში სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს, ასევე, დაკავების, პატიმრობის და თავისუფლების შეზღუდვის სხვა დაწესებულებებში. აღნიშნული მიზნის მისაღწევად სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტი შეისწავლის ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში წარმოდგენილი ინდივიდუალური განაცხადების/საჩივრების ან/და საქართველოს სახალხო დამცველის ინიციატივის საფუძველზე.

სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის ფუნქციებია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში შემოსული ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დარღვევასთან დაკავშირებული განცხადება/საჩივრების შესწავლა და შესაბამისი ანგარიშების/რეკომენდაციების/წინადადებების პროექტების მომზადება:

  • სისხლის სამართლის სფეროში, თუ განმცხადებელი სადავოდ ხდის პროცესუალური უფლებების დარღვევის ფაქტს საგამოძიებო ორგანოების მხრიდან;
  • საერთო სასამართლოებში საქმისწარმოების საკითხებზე, თუ განმცხადებელი სადავოდ ხდის სისხლის სამართლის პროცესუალური უფლებების ხელყოფის ფაქტებს;
  • სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლო აქტების აღსრულების სფეროში, თუ განმცხადებელი სადავოდ ხდის შესაბამისი ორგანოს მიერ მისი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ხელყოფის ფაქტებს;
  • დაკავებული, დაპატიმრებული ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით უზრუნველყოფილი უფლებების დარღვევის შესახებ;
  • მის კომპეტენციაში შემავალი სფეროების მიხედვით კანონმდებლობის/კანონპროექტების ანალიზის და შესაბამისი რეკომენდაციების/წინადადებების პროექტების მომზადება;
  • მის კომპეტენციაში შემავალი სფეროების მიხედვით საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციების პრაქტიკულ შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;
  • სხვა ფუნქციების განხორციელება, რომლებიც თავისთავად გამომდინარეობს დეპარტამენტის საქმიანობის სპეციფიკიდან.
სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება