სპეციალური ანგარიშები

ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე 2018-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის მიგნებები და რეკომენდაციები

წინამდებარე ანგარიში წარმოადგენს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ, ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე 2018-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის შედეგებს. განხორციელებული მონიტორინგის მიზანს წარმოადგენდა სამოქმედო გეგმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შეფასება და არსებული ხარვეზებისა და პრობლემების იდენტიფიცირებისთვის.

მონიტორინგის ფარგლებში გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია, სამოქმედო გეგმით განსაზღვრული აქტივობების განმახორციელებელი სამთავრობო უწყებებიდან. ჩატარდა შეხვედრები რეგიონში მცხოვრებ დევნილ, კონფლიქტით დაზარალებულ ქალებთან და გოგოებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თვითმმართველი ორგანოების წარმომადგენლებთან. კოვიდ პანდემიის შეზღუდვებიდან გამომდინარე, ზემოაღნიშნული შეხვედრები გაიმართა ონლაინ ფორმატში.

მონიტორინგის შედეგები ცხადყოფს, რომ საქართველოში, კვლავ გამოწვევად რჩება ქალთა თანაბარი მონაწილეობა მშვიდობის, უსაფრთხოებისა და შერიგების პროცესებში, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.

კვლავ არ არსებობს სპეციფიკური ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სათანადო სერვისები.

ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში გაიზარდა ქალებისთვის საოჯახო საქმეებზე გაწეული აუნაზღაურებელი შრომის ტვირთი. რისკის ქვეშ დადგა ქალთა ეკონომიკური კეთილდღეობა და გაიზარდა გენდერული ნიშნით ძალადობა.

ტრანსპორტის შეზღუდვის შედეგად, შეიქმნა გადაადგილების, მედიკამენტებსა და საკვებზე, მათ შორის ბავშვთა კვებაზე წვდომის პრობლემა, როგორც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიებზე, ასევე მის მიღმა.

ვიმედოვნებთ, რომ შემუშავებული რეკომენდაციები დაეხმარება ეროვნული სამოქმედო გეგმის განმახორციელებელ უწყებებს, შემდგომი ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და განხორციელებაში. ამასთანავე, ყურადღებას გაამახვილებს კორონავირუსის პანდემიის პერიოდში წარმოქმნილ პრობლემებზე, პროაქტიული ნაბიჯები გადაიდგმება დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და გოგოების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)