ხშირად დასმული კითხვები

  • 2014 წლის 02 მაისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“, რომელიც შევიდა ძალში გამოქვეყნებისთანავე - 2014 წლის 07 მაისს.

  • კანონის მიზანია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა:

    • რასის; 
    • კანის ფერის; 
    • ენის; 
    • სქესის;
    • ასაკის;
    • მოქალაქეობის;
    • წარმოშობის;
    • დაბადების ადგილის;
    • საცხოვრებელი ადგილის;
    • ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის;
    • რელიგიის ან რწმენის;
    • ეროვნული; 
    • ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების;
    • პროფესიის; 
    • ოჯახური მდგომარეობის;
    • ჯანმრთელობის მდგომარეობის;
    • შეზღუდული შესაძლებლობის; 
    • სექსუალური ორიენტაციის;
    • გენდერული იდენტობისა და გამოხატვის;
    • პოლიტიკური ან სხვა შეხედულების;
    • ან სხვა ნიშნის მიუხედავად.

  • დისკრიმინაცია არის ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის გაუმართლებელი შეზღუდვა ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნების გამო.

  • დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს სახალხო დამცველი.

  • საქართველოს სახალხო დამცველი:

    ა) განიხილავს იმ ფიზიკური ან იურიდიული პირის ან პირთა ჯგუფის განცხადებას და საჩივარს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს;

    ბ) შეისწავლის დისკრიმინაციის ფაქტს როგორც განცხადების ან საჩივრის არსებობისას, ისე საკუთარი ინიციატივით და გამოსცემს შესაბამის რეკომენდაციას;

    გ) ამზადებს და შესაბამის დაწესებულებას ან პირს უგზავნის ზოგად წინადადებებს დისკრიმინაციის თავიდან აცილების და მის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე;

    დ) შეიმუშავებს მოსაზრებებს აუცილებელი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ და მათ საკანონმდებლო წინადადების სახით წარუდგენს საქართველოს პარლამენტს;

    ე) იწვევს დისკრიმინაციის მსხვერპლს და სავარაუდო დისკრიმინაციული ქმედების განმახორციელებელ პირს და ცდილობს საქმე მხარეთა მორიგებით დაასრულოს;

    ვ) დისკრიმინაციის მსხვერპლის უფლებების აღსადგენად რეკომენდაციით მიმართავს შესაბამის დაწესებულებას ან პირს, თუ საქმის მორიგებით დასრულება შეუძლებელი აღმოჩნდება და არსებობს საკმარისი მასალები, რომლებიც დისკრიმინაციას ადასტურებს;

    ზ) უფლებამოსილია, როგორც დაინტერესებულმა პირმა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბამისად მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან ქმედების განხორციელება, თუ ადმინისტრაციულმა ორგანომ მის რეკომენდაციას არ უპასუხა ან ეს რეკომენდაცია არ გაიზიარა და არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციას ადასტურებს;

    თ) აღრიცხავს და აანალიზებს სტატისტიკურ მონაცემებს დისკრიმინაციის ფაქტების შესახებ;

    ი) ახორციელებს ღონისძიებებს დისკრიმინაციის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად;

    კ) დისკრიმინაციის საკითხებზე თანამშრომლობს საერთაშორისო სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

    ვის შეუძლია სახალხო დამცველისთვის განცხადებით/საჩივრით მიმართვა დისკრიმინაციასთან დაკავშირებით?

    საქართველოს სახალხო დამცველი განიხილავს ფიზიკური ან იურიდიული პირის, ან პირთა ჯგუფის (საქართველოს მოქალაქეთა, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა, აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიულ პირთა, პოლიტიკურ და რელიგიურ გაერთიანებათა) განცხადებას/საჩივარს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს.

  • პირმა, რომელიც საქართველოს სახალხო დამცველს განცხადებით/საჩივრით მიმართავს, უნდა მიუთითოს:
    • სახელი, გვარი;
    • დაბადების თარიღი;
    • პირადი ნომერი;
    • საკონტაქტო ინფორმაცია (მისამართი, ტელეფონი, ელ–ფოსტა);
    • თუ ასეთი არსებობს, წარმომადგენლის სახელი და გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია და რწმუნებულება;
    • პირი, რომელმაც ჩაიდინა ან ჩადის სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტს (ფიზიკური პირი, იურიდიული პირი, საჯარო დაწესებულება სახელისა და გვარის/სახელწოდების და რეგისტრაციის მისამართის მითითებით );
    • ფაქტების დეტალური აღწერა, რომლებიც ადასტურებენ დისკრიმინაციას (სასურველია თან ერთვოდეს დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს დისკრიმინაციის ფაქტებს);
    • ხომ არ მიმდინარეობს დისკრიმინაციის ამავე ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა; 
    • ხომ არ მიმდინარეობს დისკრიმინაციის ამავე ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოება და რა ეტაპზეა წარმოება განაცხადის/საჩივრის შეტანის მომენტში;
    • ხომ არ მიმდინარეობს დისკრიმინაციის ამავე ფაქტზე სასამართლო წარმოება და რა ეტაპზეა წარმოება განაცხადის/საჩივრის შეტანის მომენტში;
    • ხომ არ მიუმართავს განაცხადის/საჩივრის ავტორს დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმებისთვის და რა ეტაპზეა წარმოება განაცხადის/საჩივრის შეტანის მომენტში;
    • ხელმოწერა განცხადების/საჩივრის ავტორის ან ავტორების ან მათი წარმომადგენლის მიერ.
    • თანდართული დოკუმენტების სია.
    იმ შემთხვევაში თუ განცხადება/საჩივარში არაა მითითებული შესაბამისი ინფორმაცია, პირს განესაზღვრება ვადა ხარვეზის შესავსებად.

  • პირმა, რომელიც საქართველოს სახალხო დამცველს განცხადებით/საჩივრით მიმართავს, უნდა მიუთითოს ის ფაქტები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, და უნდა წარადგინოს შესაბამისი მასალები.

    აღნიშნულის შემდეგ სავარაუდო დისკრიმინაციული ქმედების განმახორციელებელ პირს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა.

  • ნებისმიერი ადმინისტრაციული, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო (მათ შორის, პროკურატურის, საგამოძიებო, სასამართლო ორგანო) ვალდებულია საქმის განხილვასთან დაკავშირებული მასალა, საბუთი, ახსნა-განმარტება და სხვა ინფორმაცია კანონით დადგენილი წესების დაცვით გადასცეს საქართველოს სახალხო დამცველს მოთხოვნიდან 10 კალენდარული დღის ვადაში.

  • თუ საქართველოს სახალხო დამცველი საჭიროდ მიიჩნევს, იგი უფლებამოსილია დანიშნოს ზეპირი მოსმენა და მოიწვიოს მხარეები საქმის მორიგებით დასასრულებლად.

    საქმის მორიგებით დასრულების შემთხვევაში საქართველოს სახალხო დამცველი ახორციელებს მორიგების აქტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს.

  • საქართველოს სახალხო დამცველი:

    ცდილობს საქმე მხარეთა მორიგებით დაასრულოს;

    რეკომენდაციით მიმართავს შესაბამის დაწესებულებას ან პირს, თუ საქმის მორიგებით დასრულება შეუძლებელი აღმოჩნდება და არსებობს საკმარისი მასალები, რომლებიც დისკრიმინაციას ადასტურებს;

    შესაბამის დაწესებულებას ან პირს უგზავნის ზოგად წინადადებებს დისკრიმინაციის თავიდან აცილების და მის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე;

    თუ ადმინისტრაციულმა ორგანომ მის რეკომენდაციას არ უპასუხა ან ეს რეკომენდაცია არ გაიზიარა უფლებამოსილია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბამისად მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან ქმედების განხორციელება.

  • დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად ნებისმიერი დაწესებულება ვალდებულია:

    თავისი საქმიანობა, აგრეთვე სამართლებრივი აქტები და შიდა რეგულაციები, თუ ისინი არსებობს, შეუსაბამოს ამ კანონსა და სხვა ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობას;

    სავარაუდო დისკრიმინაციის ნებისმიერ ფაქტზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირება მოახდინოს;

    დისკრიმინაციის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობისა და შიდა რეგულაციების შესაბამისად პასუხისმგებლობა დააკისროს მის დაქვემდებარებაში მყოფ დამრღვევ პირს და უზრუნველყოს დისკრიმინაციის შედეგების აღმოფხვრა მესამე პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შეულახავად.

  • ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც, მისი ვარაუდით, მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა, და მოითხოვოს მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურება.

    თუ სავარაუდო დისკრიმინაციის იმავე ფაქტის გამო დავას სასამართლო განიხილავს, და ამავე დროს ფიზიკურ ან იურიდიულ პირის, ან პირთა ჯგუფს განცხადება/საჩივარი შეტანილი ჰქონდა სახალხო დამცველის აპარატში, ასეთ შემთხვევაში საქართველოს სახალხო დამცველი აჩერებს საქმის წარმოებას.

  • საქართველოს სახალხო დამცველი აჩერებს საქმის წარმოებას, თუ სავარაუდო დისკრიმინაციის იმავე ფაქტის გამო:
    ა) დავას სასამართლო განიხილავს;
    ბ) მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება;
    გ) მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა.

  • საქართველოს სახალხო დამცველი წყვეტს საქმის წარმოებას, თუ სავარაუდო დისკრიმინაციის იმავე ფაქტის გამო:
    ა) საქმეზე არსებობს სასამართლო გადაწყვეტილება;
    ბ) განცხადების/საჩივრის განხილვის შედეგად არ დადასტურდა დისკრიმინაციის ფაქტი.

  • ორგანიზაციას, დაწესებულებას ან გაერთიანებას, რომლის საქმიანობის სფეროც მოიცავს პირთა დისკრიმინაციისაგან დაცვას, უფლება აქვს, მიმართოს საქართველოს სახალხო დამცველს და მოითხოვოს საქმის განხილვაში ჩართვა.

    საქართველოს სახალხო დამცველი უფლებამოსილია ორგანიზაციის, დაწესებულების ან გაერთიანების მოთხოვნა დააკმაყოფილოს მხოლოდ იმ პირის თანხმობის შემთხვევაში, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)