სიახლეები

სახალხო დამცველის აპარატი იწყებს განცხადებების/საჩივრების მიღებას ადამიანის უფლებათა სწავლებაზე ხელმისაწვდომობის საკითხებზე

„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მიხედვით „საქართველოს სახალხო დამცველი ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სფეროში.“ საგანმანათლებლო მანდატის განხორციელების მიზნით, აპარატში ფუნქციონირებს ადამიანის უფლებათა სწავლების დეპარტამენტი, რომლის ძირითად საქმიანობას ფორმალური და არაფორმალური განათლების სფეროში ადამიანის უფლებათა საკითხების ინტეგრირება და სწავლების ხელშეწყობა წარმოადგენს. დეპარტამენტი ასევე, განიხილავს საჩივრებსა და განცხადებებს ადამიანის უფლებათა განათლების შინაარსისა და პროცესის შესახებ - სკოლამდელი განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო საფეხურის, უმაღლესი განათლებისა და პროფესიული სწავლების სფეროებში.

განცხადების/საჩივრის შინაარსობრივი საფუძველია ადამიანის უფლებათა განათლების ხელმისაწვდომობის პრობლემები. მაგალითისთვის:

  • ადამიანის უფლებათა საკითხების იმგვარად ასახვა სასწავლო პროგრამებში (ზოგადი განათლების ყველა საფეხურისთვის ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი საგნობრივი პროგრამები, უმაღლესი განათლებისა და პროფესიული განათლების საფეხურისთვის საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ შემუშავებული კურსის პროგრამები), რაც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრულ განმარტებებს უფლებათა შესახებ
  • ადამიანის უფლებათა ფორმალური სწავლების შესახებ დებულებები ეროვნულ კანონმდებლობაში
  • შემთხვევები, როდესაც მოსწავლეთა ან მასწავლებელთათვის დადგენილ სასკოლო სახელმძღვანელოებში, ან უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ფარგლებში სტუდენტებისთვის განკუთვნილ სასწავლო მასალაში მოცემულია ადამიანის უფლებების პრინციპებთან შეუსაბამო ტექსტები ან ილუსტრაციები (მაგ: ტექსტი და ვიზუალური მასალა, რომლითაც ნორმალიზებულია დისკრიმინაციული შეხედულებები და სხვა.)
  • შემთხვევები, როდესაც შესაბამის კლასებში სამოქალაქო განთლების საგანს სრულად არ ეთმობა ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული საათები
  • საგანმანათლებლო პროცესში ჩართული პირების (პედაგოგები, სასწავლო დაწესებულებების ადმინისტრაცია და სხვა.) გადამზადების პროგრამებში ადამიანის უფლებათა სწავლების საკითხები და მათი შინაარსი
  • ადამიანის უფლებათა სწავლების პროცესი - ნებისმიერი საგნის სწავლებისას ადამიანის უფლებათა საყოველთაო პრინციპების არასწორი ინტერპრეტაცია, რელიგიური და პოლიტიკური პროპაგანდის (ინდოქტრინაცია და პროზელიტიზმი) შემთხვევები და სხვა.
სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)