„ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ - ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის გადაწყვეტილება
2016 წლის 4 მაისს გაიმართა ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1255-ე სხდომა. დღის წესრიგის საკითხის „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ ფარგლებში მინისტრთა მოადგილეების კომიტეტმა აბსოლუტური უმრავლესობით მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 2014 წლის 29 აპრილისა და 2015 წლის 12 მაისის გადაწყვეტილებები, რომლებშიც ხაზგასმულია ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
გადაწყვეტილებაში ყურადღება გამახვილებულია რუსეთის ფედერაციის პასუხისგებლობაზე ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით, როგორც სახელმწიფოსი, რომელიც ახორციელებს ფაქტობრივ კონტროლს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მასში ხაზგასმულია, რომ რუსეთის ფედერაციამ, როგორც ამ ტერიტორიებზე ფაქტობრივი კონტროლის მქონე და ადამიანის უფლებათა დაცვაზე პასუხისმგებელმა სახელმწიფომ, უნდა უზრუნველყოს ქართულ ენაზე განათლების მიღების უფლება; შექმნას პირობები იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისა და საკუთრების უფლების დასაცავად; მოხსნას ნებისმიერი სახის დაბრკოლება ან შეზღუდვა ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაადგილების თავისუფლების უზრუნველსაყოფად და თავიდან აიცილოს პირთა უკანონო დაკავება; დაიცვას ამ ტერიტორიებზე მცხოვრები პირები დისკრიმინაციული მოპყრობისაგან; გამოიძიოს ადამიანის უფლებათა დარღვევები ამ ტერიტორიებზე.
გადაწყვეტილებაში მინისტრთა მოადგილეების კომიტეტი გამოხატავს წუხილს, რომ მიუხედავად რუსეთის ფედერაციის მიმართ მუდმივი მოწოდებებისა, ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ გააუქმოს ხელოვნური დაბრკოლებების აღმართვის პროცესი, ის განაგრძობს ამ პროცესს სხვადასხვა საშუალებებით, მათ შორის, ახალი სადემარკაციო ნიშნების აღმართვით.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ საკითხებზე საქართველოს სახალხო დამცველი აქტიურად მუშაობს და ევროსაბჭოს მისიებთანაც არაერთხელ გაუმახვილებია ამ პრობლემებზე ყურადღება.