საჯარო მოხსენება ბიოლის ფონდში
2017 წლის 16 მაისს სახალხო დამცველის მრჩეველმა კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების საკითხებში მედეა ტურაშვილმა მონაწილეობა მიიღო ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს მიერ ორგანიზებულ საჯარო დისკუსიაში თემაზე - „ენგურის ხაზი: როგორ ვითარდება აფხაზური და ქართული საზოგადოება“. დისკუსიის თანამომხსენებლები იყვნენ საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური მოძრაობების შემსწავლელი ცენტრის კვლევების კოორდინატორი ამარ თოლორდავა.
მედეა ტურაშვილმა ყურადღება გაამახვილა აფხაზეთში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე, ისაუბრა საქართველოს ევროინტეგრაციასა და ვიზა ლიბერალიზაციაზე, როგორც მნიშვნელოვან ინსტრუმენტზე ქვეყნის დემოკრატიზაციისა და განვითარების პროცესში; ასევე აღნიშნა, რომ ევროპული პერსპექტივის ბუნდოვანება და რუსული მმართველობის გავლენა ხელს უშლის აფხაზურ საზოგადოებას დაამკვიდროს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების თანამედროვე სტანდარტები.
სახალხო დამცველის აპარატი რეგულარულად მონაწილეობს იმ საჯარო დებატებში, კონფერენციებსა თუ შეხვედრებში, რომელიც მიზნად ისახავს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომაროების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას.