საქართველოს სახალხო დამცველი „იძულებით გაუჩინარებისგან ყველა პირის დაცვის შესახებ“ გაეროს 2006 წლის 20 დეკემბრის კონვენციის რატიფიცირების პროცესის დაწყებას ითხოვს
იძულებითი გაუჩინარების ფენომენი უნივერსალური ხასიათის მატარებელია, რომელიც იწვევს ადამიანის უფლებათა სერიოზულ და უხეშ დარღვევას. 2006 წლის 20 დეკემბრის „იძულებით გაუჩინარებისგან ყველა პირის დაცვის შესახებ“ კონვენციისა და „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდების“ თანახმად, იძულებითი გაუჩინარება კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულადაა აღიარებული.
თანამედროვე მსოფლიოში იძულებითი გაუჩინარება პოლიტიკური ოპონენტების რეპრესიებისა და კონფლიქტურ სიტუაციებში მოწინააღმდეგის დასჯის მძლავრი მექანიზმის მასშტაბს იძენს. 2010 წლის ევროპის საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული საქართველოში გაუჩინარებულ პირთა საქმეებზე დამოუკიდებელი, ობიექტური, ქმედითი გამოძიების ჩაუტარებლობასა და გაუჩინარების გარემოებების გონივრულ ვადაში დადგენის აუცილებლობაზე.
ამასთან, 2014 წლის 23 ივლისს საქართველოს მეოთხე პერიოდული ანგარიშის მიმართ გაკეთებულ დასკვნით შენიშვნებში, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა შეშფოთება გამოხატა 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის და მის შემდეგ ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების გამოძიების, დამნაშავეთა იდენტიფიცირებისა და მათი პასუხისგებაში მიცემის გაჭიანურების გამო. კომიტეტის განცხადებით, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს იძულებით გაუჩინარების, სამოქალაქო მოსახლეობისა და სხვა დაცულ პირთა წინააღმდეგ არაპროპორციული და განურჩეველი თავდასხმის, უკანონო დაკავებების, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის, ქონების განადგურებისა და ჩამორთმევის ფაქტების დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად და ეფექტიანად გამოძიება, რათა მოხდეს სახელმწიფოს იურისდიქციაში მყოფი დამნაშავეების, განსაკუთრებით ხელმძღვანელ პოზიციაზე მყოფი პირების, პასუხისგებაში მიცემა და ჩადენილი დანაშაულის შესაბამისად დასჯა, ხოლო დაზარალებულთათვის სათანადო დახმარების გაწევა.
ზემოხსენებული კონვენციის რატიფიცირების პროცესის დაწყებისა და იძულებითი გაუჩინარების დანაშაულის ეროვნულ კანონმდებლობაში ინკორპორაციისთვის შესაბამისი ღონისძიებების გატარების მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს.
საქართველოს პარლამენტმა 2014 წლის 1 აგვისტოს დადგენილებით გაიზიარა სახალხო დამცველის „2013 წლის საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ ანგარიშში სახელმწიფო უწყებებისადმი მიმართული რეკომენდაციები. პარლამენტის დადგენილების მიხედვით, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უნდა უზრუნველყოს 2008 წლის აგვისტოში საომარი მოქმედებების დროს და შემდგომ პერიოდში ჩადენილ სავარაუდო დანაშაულთა საქმეების, მათ შორის, უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საქმეების სწრაფი და ეფექტიანი გამოძიება, ხოლო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა დაიწყოს 2006 წლის 20 დეკემბრის „იძულებით გაუჩინარებისგან ყველა პირის დაცვის შესახებ“ კონვენციის რატიფიცირების პროცესი.
საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში ადამიანთა ფართომასშტაბიანი გაუჩინარების ფონზე, ძალზე მნიშვნელოვანია „იძულებითი გაუჩინარებისგან ყველა პირის დაცვის შესახებ“ კონვენციის რატიფიცირება, რათა საქართველომ, როგორც მონაწილე სახელმწიფომ იძულებითი გაუჩინარების ნებისმიერ ქმედებაზე განახორციელოს თავისი იურისდიქცია, აწარმოოს ეფექტური გამოძიება და უზრუნველყოს მსხვერპლთა უფლებების სათანადოდ დაცვა.
სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მიმართავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაიწყოს „იძულებით გაუჩინარებისგან ყველა პირის დაცვის შესახებ“ კონვენციის რატიფიცირების პროცესი.
კონვენცია „იძულებითი გაუჩინარებისგან ყველა პირის დაცვის შესახებ“ (არაოფიციალური თარგმანი)
International Convention for the Protection of All Persons from Enforced Disappearance
გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის 2014 წლის 23 ივლისის ანგარიში საქართველოს შესახებ