საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით
21 სექტემბერს მსოფლიო მშვიდობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. გაეროს გენერალური ასამბლეის 1981 წლის 36/67 რეზოლუციამ საფუძველი ჩაუყარა მშვიდობის დღეს, რომლის მიზანიც მშვიდობის იდეის მხარდაჭერაა. წელს, გაეროს გენერალური ასამბლეისხალხთა მშვიდობის უფლების შესახებ დეკლარაციის30 წლის იუბილეა და წლევანდელი სამშვიდობო გზავნილიც შესაბამისია: მშვიდობა ჩვენი უფლებაა.
საქართველოს სახალხო დამცველი და მისი აპარატი უერთდება და აღნიშნავს მშვიდობის საერთაშორის დღეს. ჩვენი საქმიანობის ერთ–ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას სწორედ კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობის მონიტორინგი და მათი უფლებების დაცვა წარმოადგენს.
მშვიდობა ყოველთვის აქტუალური თემა იყო ჩვენი მცირერიცხოვანი ქვეყნისათვის. დღემდე მტკივნეულ საკითხად რჩება მოუგვარებელი კონფლიქტები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რომელსაც ასეულობით ჩვენი თანამოქალაქე შეეწირა და რომელმაც მძიმე დარტყმა მიაყენა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ და სოციალურ-ეკონომიკურ პროგრესს.
ნათელია, რომ მხოლოდ ომისგან თავისუფალ გარემოშია შესაძლებელი მდგრადი განვითარების მიღწევა, რომელიც დაფუძნებული იქნება ადამიანის უფლებების პატივისცემასა და დაცვაზე, სოციალურ კეთილდღეობაზე, თანასწორობასა და ეკონომიკურ აღმავლობაზე.
დიახ, მშვიდობა ჩვენი უფლება და ხელისუფლების ვალდებულებაა. მშვიდობა და კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირება, როგორც ხელისუფლებისაგან, ისე საზოგადოებისაგან დაუღალავ შრომას, თანმიმდევრობას, მოქნილობას, მიმტევებლობასა და მშვიდობის იდეის ერთგულებას მოითხოვს.
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებასა და დე ფაქტო მთავრობებს სოხუმში და ცხინვალში, შეუერთდნენ დღევანდელ დღეს, ძალისხმევა არ დაიშურონ, რათა მოლაპარაკებების დროს ადამიანის უფლებები და მოქალაქეების კეთილდღეობა პოლიტიკურ უთანხმოებაზე პრიორიტეტული გახდეს და უერთგულონ მშვიდობის იდეას.
მშვიდობის საერთაშორის დღის აღსანიშნავად, 21-26 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, ადამიანის უფლებათა სახლსა და მის წევრ ორგანიზაციებთან ერთად მშვიდობის კვირეულს მასპინძლობს. კვირეულის ფარგლებში გაიმართება შემდეგი ღონისძიებები:
22 სექტემბერი - აქტივობა სოციალურ ქსელში. მშვიდობა ჩვენი უფლებაა – მთელს მსოფლიოში ადამიანები ავრცელებენამგზავნილს სოციალურ ქსელებში,შემოგვიერთდით.
23 სექტემბერი - ვიზიტი გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში. თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის უფლებადამცველების მობილური ჯგუფი და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები გორის რაიონის სოფლებში ჩავლენ, ადგილზე მოახდენენ მოსახლეობის პრობლემათა დოკუმენტირებას და საჭიროებისამებრ, სამართლებრივ და ფსიქოლოგიურ კონსულტაციას გაუწევენ მათ.
24 სექტემბერი - ადამიანის უფლებათა სახლის ინიციატივით გაიმართება ფილმის „ყველგან, მაგრამ არა აქ“ ჩვენება და დისკუსია.
მოდერატორი - ნინო ტლაშაძე, ადამიანის უფლებათა ცენტრის დირექტორის მოადგილე.
ჩვენება გაიმართება თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზში 15.30 საათზე. მის. მელიტონ ქანთარიას 11ა. დასწრება თავისუფალია.
25 სექტემბერი - ადამიანის უფლებათა სახლის ინიციატივით გაიმართებაქუჩის აქცია მშვიდობის მხარდასაჭერად, 16:00 საათზე, ვერის პარკში.
26 სექტემბერი -სახალხო დამცველის აპარატის ინიციატივით გაიმართება საჯარო დებატები თემაზე„ადამიანის უფლებები კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში: ხელისუფლების როლი და პასუხისმგებლობა“
მომხსენებლები:
საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი;
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი;
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი გოჩა რატიანი;
აქტივისტი ერგნეთიდან ლია ჩლაჩიძე;
მოდერატორი: ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი.
დებატები გაიმართება 6-დან 8 საათამდე ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში.
მის. გუდიაშვილის ქ. 7. დასწრება თავისუფალია.