სიახლეები

სახალხო დამცველი აფხაზეთის გამყოფ ხაზზე გ.ო.-ს მკვლელობის ფაქტს ეხმაურება

სახალხო დამცველისათვის ცნობილი გახდა 19 მაისს აფხაზეთის გამყოფ ხაზზე ახალგაზრდა მამაკაცის გ.ო.-ს მკვლელობის შესახებ. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, გ.ო. ხურჩა-ნაბაკევის გამშვებ პუნქტზე პროდუქტის გადატანას ცდილობდა, რა დროსაც აფხაზ ე.წ. მესაზღვრესთან შელაპარაკება მოუვიდა. ე.წ. მესაზღვრემ გ.ო.-ს მისამართით რამდენჯერმე გაისროლა, რის შედეგადაც გ.ო. გარდაიცვალა.

ეს შემთხვევა სიცოცხლის უფლების უხეშ დარღვევას წარმოადგენს, რაზეც საერთაშორისო სამართლებრივი პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას, როგორც რეალური კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოს ეკისრება. რუსეთის ფედერაცია სასაზღვრო ჯარების მეშვეობით სრულად აკონტროლებს აფხაზეთის გამყოფი ხაზის მთელ პერიმეტრს.

ადგილობრივი მოსახლეობის უფლებები გამყოფი ხაზის პირას არ არის სათანადოდ დაცული, განსაკუთრებით კი ეს ეხება სოფელ ხურჩის მოსახლეობას. სოფელ ხურჩაში საქართველოს პოლიციის საგუშაგო სოფლის დასაწყისშია, სოფლის ბოლოს კი რუსულ-აფხაზური ე.წ. გამშვები პუნქტია განლაგებული. ადგილობრივი მოსახლეობა რუს და აფხაზ სამხედროებთან პირისპირ მარტო არის დარჩენილი.

სახალხო დამცველისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, მკვლელობა ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა, რაც ხაზს უსვამს ადგილობრივთა დაუცველობას. აღსანიშნავია, რომ ხიდს, სადაც მოხდა მკვლელობა, ყოველდღიურად გადაკვეთენ მოქალაქეები, მათ შორის სკოლის მოსწავლეები. ისინი ყოველდღიურად რისკის ქვეშ აყენებენ თავიანთ სიცოცხლეს განათლების, ჯანდაცვის თუ სხვა საბაზისო საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

ეს ინციდენტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს უსაფრთხოების სერიოზულ პრობლემებს გამყოფ ხაზზე. სახალხო დამცველის ანგარიშებში არაერთხელ არის აღნიშნული, რომ გამყოფი ხაზის მოსახლეობას ეზღუდება თავისუფალი გადაადგილების უფლება. გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის გამო ფატალურად დამთავრდა არაერთი შემთხვევა, მათ შორის იყო არასრულწლოვანის გარდაცვალების ფაქტი. უსაფრთხოების პრობლემებს კიდევ უფრო ამძიმებს ის, რომ სამხედრო ნაწილები დასახლებული პუნქტების სიახლოვეს არის განთავსებული, რაც ადგილობრივებში შიშს და დაძაბულობას იწვევს.

სახალხო დამცველი უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს და მოუწოდებს ყველა მხარეს თანამშრომლობისაკენ, რათა სწრაფად და ეფექტურად მოხდეს აღნიშნული მკვლელობის გამოძიება. ეს შექმნის მხარეთა თანამშრომლობის მნიშვნელოვან პრეცედენტს და აჩვენებს მხარეების მზაობას შეამსუბუქონ გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის მდგომარეობა.

სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს ქართულ და აფხაზურ მხარეებს, ეს ინციდენტი საფუძვლად დაუდონ უახლოეს მომავალში გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის განახლებული შეხვედრის ჩატარებას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)