სიახლეები

სახალხო დამცველი აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრებ და კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა

2018 წლის 1 აგვისტოს სახალხო დამცველი გამყოფი ხაზის სოფლების მოსახლეობას შეხვდა. ნინო ლომჯარია ბერშუეთისა და კირბალის მოსახლეობას გაესაუბრა, სადაც 2013 წლიდან დღემდე 25-მდე პირის დაკავება დაფიქსირდა. სოფლებში გავლებულია მავთულხლართები და დადგმულია ბანერები, რის შედეგადაც მიწები ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდა. 2017 წელს საოკუპაციო ხაზმა 700 მეტრით გადმოიწია და სოფლების მოსახლეობამ კიდევ ჰექტრობით მიწა დაკარგეს.

მწვავედ დგას სოციალური პრობლემები, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა, ინფრასტრუქტურული და მიწის რეგისტრაციის საკითხები.

"მნიშვნელოვანია მაქსიმალურად მოკლე ვადაში სოფლებს მიეწოდოს სასმელად ვარგისი წყალი და მოწესრიგდეს სარწყავი სისტემები. მაღალია ე.წ. საზღვრის გადაკვეთისას დაკავებულ პირთა რაოდენობა, მნიშვნელოვანია აღნიშნული საკითხი კვლავ აქტიურად იდგეს საერთაშორისო ფორმატების განხილვის დღის წესრიგში." - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ზარდიაანთკარიც მოინახულა, რომელიც 2008 წლის ომის დროს სხვა სოფლებზე მეტად დაზიანდა.

სოფელში სახლების უმეტესობა საცხოვრებლად უვარგისია, მაგრამ დღემდე კომპენსაცია - 15 ათასი დოლარი მხოლოდ სამმა ოჯახმა მიიღო, რომელთა სახლებიც მთლიანად იყო დამწვარი.

დაზიანებული სახლებისა და მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გამო, მოსახლეობის გარკვეული ნაწილი კვლავაც არ დაბრუნებულა საკუთარ სახლებში და ცხოვრებას გორის საბავშვო ბაღში განაგრძობენ.

"2008 წლის ომის დროს დაზიანებული სახლების მდგომარეობა უკვე 10 წელია ყოველწლიურად უარესდება და შესაბამისად, იზრდება მათი რეაბილიტაციისათვის საჭირო თანხის ოდენობაც; ამასთან, მოსახლეობა, რომელიც დაზიანებულ სახლში ცხოვრობს, საცხოვრებლის გარეშე დარჩენის საფრთხის წინაშეა. სამთავრობო კომისიამ უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება სახელმწიფო ბიუჯეტიდან კონფლიქტების შედეგად დაზიანებული სახლების კომპენსაცია-რეაბილიტაციასთან დაკავშირებით. გორის მუნიციპალიტეტის მერიის გამოთვლით, საუბარია 41 სახლზე, რომლის რეაბილიტაციის თანხაც 720 000 ლარს შეადგენს," - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

დღესვე ნინო ლომჯარიამ გორის საბავშვო ბაღში მცხოვრები მოსახლეობისთვის განკუთვნილი ფართი დაათვალიერა, რომელიც სავალალო მდგომარეობაშია: მოშლილია სველი წერტილები, გაფუჭებულია იატაკი, დერეფნებს არ აქვს ფანჯრები, თითო ოჯახზე გამოყოფილია მხოლოდ ერთი ოთახი. გარდა ამისა, საბავშვო ბაღს შეკედლებული მოქალაქეები ვერ სარგებლობენ კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის განკუთვნილი სახელწიფო პროგრამებით. (მაგალითად შეშით უზრუნველყოფის პროგრამა). საბავშვო ბაღში შეყვანილი არ არის ბუნებრივი აირი, ელექტროენერგიის გადასახადს კი მოსახლეობა საკუთარი სახსრებით ფარავს.

თავის მხრივ პრობლემა ექმნება საბავშვო ბაღის ფუნქციონირებას, საუბარია აკრედიტაციის გაუქმებაზე. ამიტომაც, ხშირია კონფლიქტი საბავშვო ბაღის ადმინისტრაციასა და შენობაში მცხოვრებ პირებს შორის.



იხილეთ ფოტო გალერეა - flickr-ზე

სახალხო დამცველი აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრებ და კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა 1.08.18 Public Defender Meets with Population Living in Conflict Zone and Conflict-Affected People in connection with

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)