სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში – „ომის შედეგები და არსებობის სიმძიმე“
2015 წლის 20 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველმა გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შიდა ქართლის რეგიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზაარდიაანთკარის მოსახლეობის სოციალური, ეკონომიკური და უფლებრივი მდგომარეობის შესახებ სპეციალური ანგარიში გააცნო.
შიდა ქართლის გუბერნატორ ზურაბ რუსიშვილთან გამართულ შეხვედრაზე სახალხო დამცველმა რეგიონში არსებული პრობლემები და კონფლიქტით დაზარალებულ სოფლებში ადამიანთა უფლებების დაცვის მდგომარეობა განიხილა.
მოგვიანებით, სახალხო დამცველი სოფელ ზარდიაანთკარში გაემგზავრა და მოსახლეობას პირადად გააცნო ანგარიში.
სოფელ ზარდიაანთკარზე კონტროლი საქართველოს ხელისუფლებამ 2012 წლის ზაფხულში აღადგინა, თუმცა, მწვავე სოციალური, ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პრობლემების გამო, სოფელში მოსახლეობა ვერ ბრუნდება. კონფლიქტით დაზარალებულ 20-მდე ოჯახი გორის საბავშვო ბაღში აგრძელებს ცხოვრებას.
სოფელში სახლების უმეტესობა დაზიანებული და საცხოვრებლად უვარგისია, თუმცა, კომპენსაცია 15000 აშშ დოლარი, მხოლოდ 3 ოჯახზე გაიცა, რომელთაც მთლიანად დაეწვათ სახლი ომის დროს.
მიუხედავად ინტენსიური სამუშაოებისა, სოფელს დღემდე არ აქვს სასმელი და სარწყავი წყალი, არ მიეწოდება ბუნებრივი აირი.
ზარდიაანთკარის მოსახლეობის ღირსეული დაბრუნებისა და სოფლის დემოგრაფიული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, სახალხო დამცველმა ადგილობრივი და ცენტრალურ ხელისუფლებისათვის რეკომენდაციები შეიმუშავა.
ცენტრალურმა ხელისუფლების ორგანოებმა (ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო; ენერგეტიკის სამინისტრო):
- მაქსიმალურად მოკლე ვადაში დაასრულოს სასმელი და საირიგაციო წყლის სისტემის რეაბილიტაცია ზარდიაანთკარში;
- მაქსიმალურად მოკლე დროში უზრუნველყოს ზარდიაანთკარში გაზიფიცირების სამუშაოების დასრულება;
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითმა სამთავრობო კომისიამ:
- დღის წესრიგში შეიტანოს საბავშვო ბაღში დროებით შესახლებული მოსახლეობის შეშით ან ბუნებრივი აირით მომარაგების და ელექტროენერგიის გადასახადის სუბსიდირების საკითხი;
- შეძლებისდაგვარად შემჭიდროვებულ ვადებში მოახდინოს ზარდიაანთკარის მოსახლეობის სახლების რეაბილიტაციის საკითხის განხილვა და დაიწყოს დაზიანებული სახლების აღდგენა;
- მის მიერ შემუშავებულ კონფლიქტით დაზარალებული რეგიონების მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის პროექტში გათვალისწინებულ იქნას ზარდიაანთკარის მოსახლეობისათვის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის სუბსიდირება მინიმუმ სამი წლის ვადით;
- მიაწოდოს მოსახლეობას ინფორმაცია დაგეგმილი სახელმწიფო პროგრამების განხორციელების კონკრეტული ვადების შესახებ.
გორის მუნიციპალიტეტმა:
- მიიღოს დროული ზომები ზამთარში ზარდიაანთკარში დარჩენილი მოსახლეობის გათბობის უზრუნველსაყოფად და უმოკლეს დროში დაასრულოს შეშის შესაძენად გამოყოფილი თანხის დარიგება;
- დროულად მიაწოდოს ზარდიაანთკარის მოსახლეობას ინფორმაცია დაგეგმილი სახელმწიფო პროგრამების შესახებ;
- მოხდეს ზარდიაანთკარში სასმელი წყლის ჭებზე დაწყებული სამუშაოს დროული დასრულება.