სიახლეები

სახალხო დამცველის წარმომადგენლები გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებს ესტუმრნენ

23 სექტემბერს, მშვიდობის კვირეულის ფარგლებში, სახალხო დამცველის და ადამიანის უფლებათა სახლის წარმომადგენლები შიდა ქართლში, 2008 წლის ომით დაზარალებულ სოფლებში ჩავიდნენ და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. ცხინვალის ციხის ყოფილ პატიმრებთან მათი დაკავებისა და გათავისუფლების დეტალებზე; ასევე, პატიმრობის მიზეზით გამოწვეულ ჯანმრთელობის პრობლემებზე ისაუბრეს.

სოფელ ფლავის მაცხოვრებლებს შეზღუდული აქვთ გადაადგილების თავისუფლება; სოფლის სასაფლაოზე მისვლასაც კი ვერ ახერხებენ.ზოგიერთი ოჯახები სოციალური შემწეობის გაუქმების შემდეგ უკიდურესად მწვავე პირობებში აღმოჩნდა.

სოფელ ქვეშშის მოსახლეობა სარწყავი წყლის უქონლობას უჩივის, რაც სასოფლო–სამეურნეო საქმიანობას აფერხებს. ასევე, ქვეშის მაცხოვრებელთა ინფორმაციით, სოფელში ელექტრო გამრიცხველიანება მიმდინარეობს, რის გამოც 8 ოჯახს თითქმის ორი თვე არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია. სახალხო დამცველის ჩარევის შედეგად, მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება მეორე დღესვე აღუდგა.

სოფელ ზარდიაანთკარში დღემდე არ არის აღდგენილი ომის დროს დანგრეული სახლები, რის გამოც, სოფლის მკვიდრი 27 ოჯახი გორის #1 საბავშვო ბაღის შენობაშია შესახლებული და უკიდურესად მძიმე პირობებში ცხოვრობს. სასამართლომ მათ უარი უთხრა დევნილის სტატუსზე.

სახალხო დამცველის აპარატი ინტენსიურად მუშაობს ადგილობრივ ხელისუფლებასთან, რათა შეძლებისდაგვარად სწრაფად გამოინახოს ომით დაზარალებულ ტერიტორიებზე არსებული პრობლემის გადაჭრის გზები.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)