სიახლეები

სახალხო დამცველმა ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების გლობალური ალიანსის შეხვედრაზე კონფლიქტურ რეგიონებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობა მიმოიხილა

2016 წლის 23 მარტს, საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ისაუბრა კონფლიქტურ და პოსტ–კონფლიქტურ სიტუაციებში ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების როლის მნიშვნელობაზე ჟენევაში, ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების გლობალური ალიანსის შეხვედრაზე. სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში საერთაშორისო და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობას და საქმიანობას, რომელსაც ამ კუთხით ომბუდსმენის აპარატი ახორციელებს.

„ჩვენ აქტიურად ვართ ჩართულები ისეთი პროექტების განხორციელებაში, რომელიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადამიანის უფლებათა დამცველებსა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებს შორის მშვიდობიან და ნდობაზე დაფუძნებულ ურთიერთობას ჩამოაყალიბებს. მათთან ერთად ვსაუბრობთ კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაში არსებულ საჭიროებებსა და ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე. კონფლიქტით დაზარალაბულ ახალგაზრდებს ვუტარებთ ტრენინგებს და სამოქალაქო საზოგადოებას ინფორმაციას ვაწვდით ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტებზე“-განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

სახალხო დამცველი მოხსენებაში კონფლიქტურ რეგიონებში პატიმართა გათავისუფლების საკითხსაც შეეხო, რომლის შესახებაც შეთანხმება 2016 წლის მარტში საქართველოს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელისუფლებებმა მიაღწიეს პრინციპით „ყველა ყველაზე“. აღნიშნულ საკითხზე 2014 წელს სახალხო დამცველმა სპეციალური ანგარიში მოამზადა და მოუწოდა ხელისუფლებას გამოენახა გზები დაკავებულთა და პატიმართა გასათავისუფლებლად.

სიტყვით გამოსვლაში სახალხო დამცველმა ყურადღება გაამახვილა ასევე ჰუმანიტარული მისიების და უფლებადაცვითი ორგანიზაციების საქმიანობის ეფექტიანად განხორციელების გზებზე კონფლიქტურ რეგიონებში. „მე არაერთხელ ღიად დავაფიქსირე ჩემი მხარდაჭერა ჰუმანიტარული და უფლებადაცვითი მონიტორინგის მისიების აუცილებლობის თაობაზე საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში, თუმცა ფაქტია, რომ მსგავსი მისიების მონაწილეობა არც რუსეთის მთავრობის და არც ადგილობრივი დე ფაქტო ხელისუფლების ინტერესებში არ შედის. მე კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო საერთაშორისო უფლებადაცვით ორგანიზაციებს დაფიქრდნენ თუ როგორ უნდა უზრუნველყონ კონფლიქტურ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვა“.

ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების გლობალური ალიანსის შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა ქვეყნის 100 მდე ორგანიზაციის წარმომადგენელმა. 2016 წლის 22 მარტს საქართველოს სახალხო დამცველი აჩეული იქნა გლობალური ალიანსის ბიუროს სრულუფლებიან წევრად.

23.03.16


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)