სიახლეები

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - 2023

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნა ემსახურება ბავშვთა უფლებების დაცვის მნიშვნელობის განსაკუთრებულ ხაზგასმას და აღნიშნულზე ფართო საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

ქვეყანაში მიღწეული მნიშვნელოვანი სასიკეთო ცვლილებების მიუხედავად, მათ შორის, ბავშვთა დიდი ზომის რეზიდენტული დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის მიმართულებით, კვლავ მრავალი გამოწვევა რჩება, ყველა ბავშვის უფლებების განუხრელად დაცვისა და რეალიზების კუთხით.

დღეისათვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევა კვლავ იკვეთება ბავშვების მიმართ ძალადობის პრევენცია, ძალადობის შესაძლო ფაქტების იდენტიფიცირება და აღნიშნულზე სათანადო რეაგირებაა. ამ მიმართულებით, აუცილებელია საზოგადოების, განსაკუთრებით, თავად ბავშვების ინფორმირება, როგორც ძალადობის ფორმების, ასევე დაცვისა და სარეაბილიტაციო მექანიზმების შესახებ.

კვლავაც ხაზგასასმელია, რომ ქვეყანაში მოქმედი პროგრამები არასაკმარისია სიღარიბეში მცხოვრები ბავშვიანი ოჯახების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, მათი გრძელვადიანი მხარდაჭერისა და სოციალური ფუნქციის ამაღლებისთვის, იმგვარად, რომ მათ შემდგომ დამოუკიდებელ ცხოვრებას მიაღწიონ. გამოწვევად რჩება ასევე, მხარდამჭერი პროფესიების სპეციალისტების სიმცირე და სარეაბილიტაციო სერვისებით ბავშვების უზრუნველყოფა.

ბავშვების უსაფრთხოებისა და საჭიროებების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია, მათზე ორიენტირებული და სისტემური მიდგომის, კოორდინაციის გაძლიერება და შესაძლო დამატებითი მომსახურებების დანერგვა, მათ შორის, და განსაკუთრებით, სახელმწიფო ზრუნვაში მცხოვრები ბავშვებისთვის, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნებისთვის, ფსიქიკური ჯანმრთელობის კუთხით საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის.

ვუსურვებ თითოეულ ბავშვს, რომ ეცხოვროს ისეთ გარემოსა და პირობებში, სადაც უზრუნველყოფილი იქნება მისი საუკეთესო ინტერესების განუხრელი დაცვა, განვითარების მაქსიმალური ხელშეწყობა, გადაწყვეტილების პროცესში სრულყოფილი ჩართულობით, მისი აზრის მოსმენითა და გათვალისწინებით.

თავის მხრივ, აღნიშნული მიზნის მისაღწევად, სახალხო დამცველის აპარატი გააგრძელებს ინდივიდუალური და სისტემური გამოწვევების შესწავლას და მათ საპარლამენტო თუ სპეციალურ ანგარიშებში ასახვას, შეიმუშავებს რეკომენდაციებს, მოახდენს საუკეთესო პრაქტიკების იდენტიფიცირებას და ადვოკატირებას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)