სიახლეები

ევროპის ბავშვთა ომბუდსმენთა ქსელის (ENOC) ყოველწლიური საგაზაფხულო სემინარი ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე

მიმდინარე წლის 7-8 ივნისს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა მარიამ ბოჭორიშვილმა და ნინო ვალიკოვმა მონაწილეობა მიიღეს ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში გამართულ ევროპის ბავშვთა ომბუდსმენთა ქსელის (ENOC) ყოველწლიურ საგაზაფხულო სემინარის მუშაობაში. ღონისძიება ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებს მიეძღვნა.

სემინარში მონაწილეობა მიიღეს ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებმა (ბავშვთა ომბუდსმენებმა, ომბუდსმენების ოფისების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლებმა).

სემინარის პირველ დღეს მონაწილეებმა განიხილეს ბავშვთა კეთილდღეობისა და განვითარების საკითხები, არასრულწლოვანთა ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ქვეყნებში არსებული გამოწვევები; მათ შორის ადრეული გამოვლენის, მომსახურების ჰოსპიტალური სერვისებიდან საოჯახო ტიპის სერვისებზე გადასვლისა და მედიკამენტური მკურნალობის მინიმუმამდე დაყვანის მნიშვნელობა; სკოლებში სტიგმატიზაციის, ბულინგისა და ფობიის პრევენციის პრობლემები.

სემინარის მეორე დღეს განიხილეს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ბავშვთა ჩართულობისა და მონაწილეობის, აზრის გამოხატვისა და გათვალისწინების საკითხები. ასევე შეიმუშავეს ღონისძიებათა ჩამონათვალი, რომლებიც ხელს შეუწყობს ამ საკითხების ადვოკატირებასა და გადაწყვეტილების მიმღები პირების მიერ აღნიშნული თემის მნიშვნელობის გაცნობიერებას.

ბავშვთა ომბუდსმენების ევროპული ქსელი არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის დამოუკიდებელი ორგანიზაციების ასოციაციაა, რომელიც თავის მანდატს გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის თანახმად ახორციელებს. სახალხო დამცველის ოფისი ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი 2018 წლის 29 მარტს გახდა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)