სიახლეები

კონფერენცია კონფლიქტით დაზარალებულ ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის საკითხებზე

2019 წლის 26-27 ნოემბერს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა თამთა ბაბუნაშვილმა და მერი კოჭლამაზაშვილმა კონფლიქტით დაზარალებულ ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის საკითხებზე კიევში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა.

უკრაინის ომბუდსმენის ორგანიზებითა და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით გამართული კონფერენცია გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის 30 წლის იუბილეს მიეძღვნა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ადამიანის უფლებათა დამცველი ინსტიტუტების წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა ბოსნია-ჰერცოგოვინადან, ხორვატიიდან, სერბეთიდან, აზერბაიჯანიდან და მოლდოვადან; ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების, ადგილობრივი და ცენტრალური აღმასრულებელი უწყებების წარმომადგენლებმა.

პანელზე, რომელიც კონფლიქტით დაზარალებულ ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის დაცვის სფეროში ადამიანის უფლებათა დაცვის ინსტიტუტების როლს მიეძღვნა, თამთა ბაბუნაშვილმა ისაუბრა საქართველოს სახალხო დამცველის საქმიანობაზე, კონფლიქტით დაზარალებული არასრულწლოვნების უფლებრივ მდგომარეობასა და არსებულ გამოწვევებზე. სახალხო დამცველის მრჩეველმა მერი კოჭლამაზაშვილმა ხაზი გაუსვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე განათლების უფლების ხელმისაწვდომობას, სკოლებში არსებულ მძიმე გამოწვევებს, რასაც ბავშვები ყოველდღიურ რეჟიმში აწყდებიან და ისაუბრა ამ მიმართულებით არსებული პრობლემების მოგვარების შესაძლო გზებზე.

კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებმა ერთმანეთს გამოცდილება და პოზიციები გაუზიარეს და რეკომენდაციები შეიმუშავეს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)