სიახლეები

პრევენციის ეროვნული მექანიზმი სასჯელაღსრულების N3 დაწესებულებაში ვიზიტის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს

პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ სასჯელაღსრულების N3 დაწესებულებაში განხორციელებული მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ დაწესებულებაში არსებობს მრავალი პრობლემა. კერძოდ, დაწესებულებაში არის ვენტილაციის და წყლით მომარაგების პრობლემა, რიგ საკნებში პატიმრებს არ აქვთ ტელევიზორი და რადიო მიმღები, დაწესებულებაში არ მოქმედებს არცერთი სარეაბილიტაციო პროგრამა და დაწესებულების გახსნის დღიდან დღემდე არც რაიმე სპორტული და კულტურული ღონისძიება გამართულა, დაწესებულებაში არსებულ მაღაზიაში გასაყიდი პროდუქციის სიმწირეა. აღმოსავლეთ საქართველოდან გადმოყვანილ პატიმრებს ექმნებათ ოჯახთან და ადვოკატთან კავშირის შენარჩუნების პრობლემა.

მონიტორინგის ჯგუფმა გამოარკვია, რომ სასჯელაღსრულების N3 დაწესებულებაში აღმოსავლეთ საქართველოდან გადმოყვანილი რამდენიმე ბრალდებული სასამართლომდე შორი მანძილის გამო უარს აცხადებდა სასამართლო სხდომაზე დასწრებაზე. მონიტორინგის ჯგუფმა განახორციელა პატიმართა ბადრაგირებისათვის განკუთვნილი ავტომანქანების შემოწმება. პატიმართა ბადრაგირებისათვის გამოიყენება „გაზ“-ის, „მერსედესის“, „ფორდისა“ და „სუზუკის“ მარკის ავტომანქანები. „გაზ“-ის, „მერსედესისა“ და „ფორდის“ მარკის ავტომანქანებში არსებული პირობები არადამაკმაყოფილებელია და ამ ავტომანქანებით მგზავრობა დიდ დისკომფორტს უქმნის პატიმრებს. სხვა მრავალ პრობლემასთან ერთად, ავტომანქანებში არ არის უზრუნველყოფილი სათანადო ვენტილაცია, კაბინაში არის სივიწროვე, სკამებს აქვს მყარი ზედაპირი, რომელიც ხანგრძლივი მგზავრობის დროს იწვევს ფიზიკურ ტკივილს.

მონიტორინგის შედეგად ასევე დადგინდა, რომ პატიმართა დისციპლინური პასუხისმგებლობის შემთხვევების რაოდენობა სექტემბერ-ოქტომბრის თვეში მკვეთრად გაიზარდა. შემთხვევათა აბსოლუტურ უმრავლესობაში დისციპლინური სახდელის სახით გამოყენებულია სამარტოო საკანში მოთავსება. პრევენციის ეროვნული მექანიზმის შეფასებით სამარტოო საკანში არსებული პირობები ლახავს ადამიანის ღირსებას. სამარტოო საკანში არ ფუნქციონირებს ვენტილაცია, არის წყლის მიწოდებისა და შესაბამისად სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვის პრობლემა, რის გამოც საკანში დგას აუტანელი სუნი. პატიმრებს არ ეძლევათ ლეიბი და თეთრეული და პირიდაპირ უწევთ ნარებზე წოლა. დაწესებულებაში 16 საკანში ხორციელდება პატიმრების ელექტრონული მეთვალყურეობა. დაწესებულების ადმინისტრაცია ფსიქიკური აშლილობის, თვითდაზიანების ან აგრესიული ქცევის შემთხვევაში პატიმრის მიმართ იყენებს, როგორც თავად უწოდებენ, „ანტივანდალურ საკანს“.

მონიტორინგმა ასევე გამოავლინა, რომ დაწესებულებაში არის სამედიცინო მომსახურების მიწოდებასთან, ასევე სამედიცინო პერსონალის დამოუკიდებლობასა და კომპეტენციასთან დაკავშირებული პრობლემები. სამედიცინო პერსონალი არ ახორციელებს პატიმრების სხეულზე არსებული დაზიანებების და დაზიანების წარმოშობის მიზეზების სრულყოფილ დოკუმენტირებას. ხშირ შემთხვევაში დარღვეულია სამედიცინო შემოწმების კონფიდენციალურობა.

პრევენციის ეროვნული მექანიზმის შეფასებით, ყოველივე ზემოაღნიშნული უარყოფით ზეგავლენას ახდენს სასჯელაღსრულების N3 დაწესებულებაში მოთავსებული პატიმრების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე და ამდენად, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ უნდა მიიღოს ყველა ზომა ჩამოთვლილი პრობლემების აღმოსაფხვრელად.

იხილეთ ანგარიშის სრული ელექტრონული ვერსია

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება