სიახლეები

პრევენციის ეროვნული მექანიზმის ანგარიში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გეგუთის N14 დაწესებულებაში განხორციელებული ვიზიტის შესახებ

პრევენციის ეროვნული მექანიზმის ვიზიტის შედეგად N14 დაწესებულებაში მთელი რიგი პრობლემები გამოიკვეთა. დადგინდა, რომ საკმაოდ ხშირია პატიმართა შორის კონფლიქტი; დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურის მიერ გატარებული ზომები არ არის საკმარისი პატიმართა შორის ძალადობის პრევენციისთვის. ასევე, დაწესებულებაში არ ფუნქციონირებს სუიციდის პრევენციის პროგრამა.

გამოკითხული პატიმრების განმარტებით, სამედიცინო სერვისები ხელმიუწვდომელია ღამის საათებში და შაბათ-კვირას. ვიწრო სპეციალიზაციის ექიმებთან კონსულტაციაზე ჩაწერილი პატიმრების მოლოდინის დრო საკმაოდ ხანგრძლივია. მონიტორინგის ჯგუფმა გამოავლინა შემთხვევები, როდესაც პაციენტებს არ უტარდებათ მკურნალობა დანიშნულების მიხედვით; სამანიპულაციო ოთახის სანიტარული მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი.

შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ კონსულტაციების რეგისტრაციისა და აღრიცხვის დოკუმენტაცია მოუწესრიგებელი იყო, ხოლო დაზიანების აღრიცხვის ჟურნალი სრულყოფილად არ იყო შევსებული. თვალშისაცემია პატიმრებსა და დაწესებულების სამედიცინო პერსონალს შორის კომუნიკაციის დეფიციტი.

შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ დისციპლინური სახდელის სახით სამარტოო საკანში მოთავსება რუტინულ პრაქტიკას წარმოადგენს. არსებობს დისციპლინური სახდელების პროპორციულობის პრინციპის დაცვით გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემა.

N14 დაწესებულებაში პატიმრები ხანმოკლე პაემნის შემთხვევაში მოკლებული არიან ოჯახის წევრებთან ყოველგვარი ფიზიკური ურთიერთობის საშუალებას. აღმოსავლეთ საქართველოდან გადმოყვანილი პატიმრები სათანადოდ ვერ სარგებლობენ პაემნის უფლებით, რაც განპირობებულია ოჯახის წევრებთან საცხოვრებელი ადგილის სიშორით და მატერიალური მდგომარეობით.

დაწესებულებაში ყველა პატიმარი არ არის უზრუნველყოფილი 4 კვადრატული მეტრის ფართით; ხარვეზებით მუშაობს ვენტილაციის სისტემა. ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზო მცირე ზომის გამო ვერ უზრუნველყოფს პატიმართა რეკრეაციას, ეზოში არ არის ვარჯიშისათვის საჭირო პირობები. პატიმრებს ხელი არ მიუწვდებათ სპორტულ მოედანზე; დაწესებულების მაღაზია პროდუქციით სათანადოდ არ მარაგდება.

მისასალმებელია, რომ დაწესებულებაში დაიწყო პრევენციის ეროვნული მექანიზმის მონიტორინგის ჯგუფის მიერ 2014 წლის თებერვალში განხორციელებული ვიზიტის დროს გაცემული რეკომენდაციის შესრულება, სამზარეულოში სარემონტო სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით.

იხილეთანგარიში სასჯელაღსრულების N14 დაწესებულებაში ვიზიტის შესახებ

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება