სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება პრევენციის ეროვნულ მექანიზმთან დაკავშირებით

ბოლო დღეებში მედია საშუალებებით და სოციალური ქსელებით ვრცელდება მცდარი ინფორმაცია პრევენციის ეროვნული მექანიზმის წევრების ფუნქციებთან დაკავშირებით. სპეციალური პრევენციული ჯგუფის რამდენიმე ექსპერტის განცხადებით, პრევენციის ეროვნული მექანიზმის წევრები არ სარგებლობენ დახურული ტიპის დაწესებულებაში თავისუფლად შესვლის უფლებით; გაუმჭვირვალეა ვიზიტებისთვის სახალხო დამცველის მიერ ექსპერტების შერჩევის კრიტერიუმები; პრევენციის ეროვნული მექანიზმი აღარ მუშაობს ინდივიდუალურ საქმეებზე და საზოგადოებას არ მიეწოდება ინფორმაცია სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის შესახებ.

საქართველოს სახალხო დამცველი თავს მოვალედ თვლის, საზოგადოებას მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშრებით.

საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ ორგანული კანონის თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველი 2009 წლიდან ასრულებს გაეროს წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ კონვენციის ფაკულტატური ოქმით გათვალისწინებული პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციებს. 2013 წლის ივლისში, საქართველოს სახალხო დამცველმა პრევენციის ეროვნული მექანიზმის გასაძლიერებლად და ამავე დროს, პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგის განხორციელებისას სამოქალაქო საზოგადოების ფართო წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად, დამოუკიდებელი საკონკურსო კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე 40 ექსპერტი შეარჩია. ექსპერტთა უფლებამოსილების ფარგლები, მათი მანდატი და ქცევის წესები განსაზღვრულია საქართველოს ორგანული კანონით საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ, სახალხო დამცველის აპარატის დებულებით, „სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრის (ექსპერტის) ქცევის კოდექსით“ და ექსპერტებსა და სახალხო დამცველს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებებით. სპეციალური პრევენციული ჯგუფის თითოეულმა ექსპერტმა დახურული ტიპის დაწესებულებების მონიტორინგისას აღნიშნული ქცევის კოდექსით ხელმძღვანელობის ვალდებულება დოკუმენტზე ხელმოწერით აიღო.

1. საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ ორგანული კანონის თანახმად, „პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციების შესრულებისას სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრები მოქმედებენ საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური რწმუნების საფუძველზე“ (მუხლი 191(4)). გარდა ამისა, ქცევის კოდექსი დეტალურად აწესრიგებს სპეციალური პრევენციული ჯგუფის მონიტორინგის ძირითადი პრინციპებს, რომლის მიხედვითაც, „სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს მხოლოდ საქართველოს სახალხო დამცველის ბრძანების საფუძველზე“ (მუხლი 7.2.) და „სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრის მიერ გეგმიური ან/და არაგეგმიური მონიტორინგის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს სახალხო დამცველი“ (მუხლი 7.1). შესაბამისად, სპეციალური პრევენციული ჯგუფის ზოგიერთი წევრის მოსაზრება, რომ მათ უნდა ჰქონოდათ დახურული ტიპის დაწესებულებებში მონიტორინგის თავისუფლად, სახალხო დამცველის გარეშე განხორციელების შესაძლებლობა, ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული. ამასთანავე, სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სპეციალური პრევენციული ჯგუფის არცერთ წევრს, სურვილის გამოხატვის შემთხვევაში, არ შექმნია მონიტორინგის განსახორციელებლად დახურული ტიპის დაწესებულებაში შესვლის პრობლემა.

2. ქცევის კოდექსის მე-8 მუხლის თანახმად, „სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი ვალდებულია მოახდინოს მონიტორინგის შედეგების სრულყოფილი წერილობითი ფიქსაცია და სახალხო დამცველს წარუდგინოს სრული და ობიექტური ანგარიში. ქცევის კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად კი, სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრის მიერ ქცევის კოდექსის დარღვევა წარმოადგენს საქართველოს სახალხო დამცველსა და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრს შორის შრომითი ხელშეკრულების მოშლის საფუძველს. მხოლოდ მიმდინარე წლის განმავლობაში, სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა სასჯელაღსრულების დაწესებულებების, დროებითი მოთავსების იზოლატორებისა და სხვა დახურული ტიპის დაწესებულებების 87 გეგმიური და 8 არაგეგმიური მონიტორინგი განახორციელა. მონიტორინგის განხორციელებაში ჩართული იყო 23 ექსპერტი. აქედან, 14 ექსპერტს სულ მცირე 5 ან მეტ მონიტორინგში აქვს მიღებული მონაწილეობა. ვინაიდან ზოგიერთი ექსპერტი არ ასრულებდა ანგარიშის წარმოდგენის დაკისრებულ ვალდებულებას, ხოლო ზოგიერთი ექსპერტის მიერ წარმოდგენილი ანგარიში არასრულყოფილი იყო, რაც აფერხებდა სპეციალური პრევენციული ჯგუფის საქმიანობას. მონიტორინგში მონაწილეობის მისაღებად უფრო ხშირად ხდებოდა იმ ექსპერტთა მოწვევა, რომლებიც სისტემატიურად ესწრებოდნენ სამუშაო შეხვედრებს, მონაწილეობდნენ სამუშაო მეთოდოლოგიის შემუშავების პროცესში და კეთილსინდისიერად ასრულებდნენ ანგარიშის წარმოდგენის ვალდებულებას. ამასთან, მონიტორინგის ჯგუფის დაკომპლექტებისას გათვალისწინებული იყო ექსპერტის კონკრეტულ დაწესებულებაში მონიტორინგის განხორციელების გამოცდილება და ჯგუფის მულტიდისციპლინური შემადგენლობის უზრუნველყოფის საჭიროება. წლის განმავლობაში განხორციელდა მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლების მონიტორინგი. ასევე განხორციელდა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში და ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში მყოფი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით გაცემული რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობის მონიტორინგი. შესაბამისად, ძირითადად მონიტორინგში ჩართული იყვნენ სწორედ ამ სფეროში სათანადო გამოცდილების მქონე ექსპერტები. აქვე აღსანიშნავია, რომ 2014 წლის ოქტომბრის თვიდან განხორციელებული თითოეული ვიზიტის შემდეგ პრევენციის ეროვნულმა მექანიზმმა დაიწყო ვიზიტის შემდგომი ანგარიშის მომზადება და გამოქვეყნება. მომზადდა და გამოქვეყნდა 3 ანგარიში.ამჟამად, ექსპერტების მონაწილეობით მიმდინარეობს მუშაობა რამდენიმე ანგარიშზე.

3. საქართველოს სახალხო დამცველს სურს ხაზგასმით აღნიშნოს, რომ პრევენციის ეროვნული მექანიზმი ახორციელებდა და კვლავ ახორციელებს წამების და სხვა არასათანადო მოპყრობის ფაქტების დოკუმენტირებას უფრო მეტიც, საქართველოს სახალხო დამცველის ინიციატივით, საქართველოს პარლამენტი უახლოეს მომავალში მსჯელობას დაიწყებს სახალხო დამცველის მიერ წარდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე, რომლის მთავარი მიზანი სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებისთვის დახურული ტიპის დაწესებულებებში ფოტო და ვიდეო გადაღების უფლების მინიჭებით, წამების და სხვა არასათანადო მოპყრობის შედეგად წარმოქმნილი დაზიანებების დოკუმენტირების უფრო ეფექტურად განხორციელებაა.

4. საქართველოს სახალხო დამცველმა 10 დეკემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, უარყოფით ტენდენციებს შორის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში და დაკავების დროს გახშირებული არასათანადო მოპყრობის ფაქტები დაასახელა. მარტო სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მომხდარი არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიების დაწყების მოთხოვნით საქართველოს სახალხო დამცველმა მთავარ პროკურატურას 18 წინადადებით მიმართა, რის თაობაზეც საზოგადოება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დროულად იყო ინფორმირებული. შესაბამისად, ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული განცხადება, თითქოს საზოგადოებას არ მიეწოდება ინფორმაცია სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის შესახებ. პრევენციის ეროვნული მექანიზმი მომავალშიც გააგრძელებს საზოგადოების ინფორმირებას თავისუფლების აღკვეთისა და შეზღუდვის ადგილებში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ. პრევენციის ეროვნული მექანიზმის ექსპერტთა შემადგენლობის განახლების მიზნით კი გამოცხადებულია შესარჩევი კონკურსი, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირებს

იხილეთ საკონკურსო განაცხადი

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება