სახალხო დამცველის აპარატი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის ტრენინგების ჩატარებას კვლავ აგრძელებს
2025 წლის 4 ნოემბერს სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ევროკავშირის მხარდაჭერით, სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებისთვის ტრენინგი ჩაატარეს თანასწორობისა და დისკრიმინაციის პრევენციის საკითხებზე.
ტრენინგი მიზნად ისახავდა სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენელთა ცოდნის გაღრმავებას თანასწორობის უფლებისა და დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპების შესახებ, რათა საქმიანობის პროცესში მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ადამიანის უფლებების დისკრიმინაციული ხელყოფის ფაქტები.
მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს თანასწორობის უფლების შინაარსი, საქართველოს ანტი-დისკრიმინაციული კანონმდებლობის მოქმედების ფარგლები, ასევე სახალხო დამცველის, როგორც ეროვნული ანტი-დისკრიმინაციული მექანიზმის, მანდატი და პრაქტიკა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამედიცინო სფეროში გამოვლენილ დისკრიმინაციის შემთხვევებს, აგრეთვე შრომით ურთიერთობებში დისკრიმინაციისა და სექსუალური შევიწროების პრევენციის საკითხებს. შეხვედრა მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტებს, რაც მონაწილეებს საშუალებას აძლევს, მიღებული ცოდნა მჭიდროდ დაუკავშირონ საკუთარ პროფესიულ საქმიანობას.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი თემატიკის ტრენინგი სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებთან 2025 წლის მაისშიც გაიმართა. სახალხო დამცველის აპარატი კვლავაც გააგრძელებს კერძო სექტორთან თანამშრომლობას, რათა ხელი შეუწყოს თანასწორობის კულტურის განმტკიცებასა და დისკრიმინაციის ყველა ფორმის პრევენციას.