სიახლეები

სახალხო დამცველმა შპს „საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს (სეუ)“ დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ რეკომენდაციით მიმართა

2023 წლის 7 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა სტუდენტისთვის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით შპს „საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს (სეუს)“ განსხვავებული მოსაზრების გამოხატვის ნიშნით, პირდაპირი დისკრიმინაციის აღმოფხვრის რეკომენდაციით მიმართა.

განმცხადებელს, სეუს იურიდიული ფაკულტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტს 2022 წლის 6 სექტემბერს სტატუსი შეუწყდა, რაც განაპირობა მის მიერ, სოციალურ ქსელ facebook-ის პირად გვერდზე, უნივერსიტეტში არსებულ გარემოსთან დაკავშირებით, კრიტიკული პოსტის გამოქვეყნებამ. უნივერსიტეტის ეთიკის კომისიამ მისი ქცევა შეაფასა, როგორც პირადი თუ სხვა სახის კონფლიქტის წარმოშობისა და გაღვივებისკენ მიმართული ქმედება და არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება უნივერსიტეტის სახელის, პრესტიჟის, სიმბოლიკისა და საქმიანი რეპუტაციის მიმართ.

წინამდებარე საქმეში სახალხო დამცველმა შეაფასა განმცხადებლის მიერ საჯაროდ გამოქვეყნებული პოსტის შინაარსი სცდებოდა თუ არა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს და რეალურად არსებობდა თუ არა დისციპლინური ღონისძიების გამოყენების საფუძველი. ამასთან, დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენებისას დაცული იყო თუ არა პროპორციულობის პრინციპი.

სახალხო დამცველის შეფასებით, განმცხადებლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია წარმოადგენდა მის პირად მოსაზრებას, რომლის გავრცელებითაც არ დარღვეულა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების სტანდარტები. ამასთან, უნივერსიტეტმა გამოიყენა დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების არაპროპორციულად მძიმე ზომა, რითაც უხეშად დაარღვია განმცხადებლის განათლების უფლება.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველმა შპს „საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ)“ რექტორს მოუწოდა - მომავალში თავი შეიკავოს სტუდენტთა მიმართ განსხვავებული მოსაზრების ანდა სხვა ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობისგან და საქმიანობა თანასწორობის პრინციპის დაცვით წარმართოს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)