სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ ევროსაბჭოს ახალი პროექტის პრეზენტაციაზე თანასწორობის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა

2018 წლის 4 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ ეკატერინე სხილაძემ ევროსაბჭოს დისკრიმინაციის, სიძულვილის ენის და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების წინააღმდეგ მიმართული ახალი პროექტის პრეზენტაციაზე საქართველოში თანასწორობის უფლების დაცვის თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და სხვა გამომსვლელებთან ერთად, პროექტის განხორციელების მნიშვნელობა შეაფასა.

სახალხო დამცველის მოადგილის განცხადებით, თანასწორობის უფლების სრულყოფილი განხორციელებისთვის აუცილებელია საკანონმდებლო სივრცის დახვეწა. დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მიღებიდან 4 წლის შემდეგ კვლავ რჩება ხარვეზები, რაც თანასწორობის მექანიზმის ეფექტურ ფუნქციონირებას აბრკოლებს. უნდა აღინიშნოს, რომ ევროსაბჭოს ახალი პროექტი საკანონმდებლო სივრცის შეფასების და ევროპულ სტანდარტებთან მისი შესაბამისობის მიმართულებითაც იმუშავებს, რაც, სახალხო დამცველის შეხედულებით უდავოდ შეუწყობს ხელს პრობლემების დაძლევას.

დღემდე პრობლემად რჩება საზოგადოებაში დამკვიდრებული წინასწარ განწყობები და სტერეოტიპული შეხედულებები, რაც დაუცველ ჯგუფებს ყოველდღიური ჩაგვრის პირობებში ამყოფებს. აღნიშნული კი, ყველაზე მეტად სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებში ვლინდება. „თანასწორობის პრინციპები გამჭოლ ხაზად უნდა მისდევდეს ფორმალური განათლების ყველა საფეხურზე არსებულ სასწავლო პრობლემებს. ჩვენს მიერ სკოლებში ჩატარებული მონიტორინგის შედეგები ნათლად აჩვენებს განათლების სისტემაში არსებულ ხარვეზებს, რაც საბოლოოდ არაჯანსაღი და არატოლერანტული განწყობებისა და დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას, ასევე ჩაგვრის წახალისებას ახდენს“, - განაცხადა ეკატერინე სხილაძემ თავის მისასალმებელ სიტყვაში.

აღსანიშნავია, რომ დისკრიმინაციის, სიძულვილის ენის და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლისაკენ მიმართული პროექტი იმუშავებს საკანონმდებლო, შესაძლებლობების განვითარებისა და ცნობიერების ამაღლების მიმართულებით, რათა უზრუნველყოს მრავალფეროვნება და ყველას მიერ უფლებებით თავისუფლად სარგებლობა საქართველოში.

4.06.18


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)