სიახლეები

სპეციალური ანგარიში – „დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილებისა და თანასწორობის მდგომარეობა“

2017 წლის 18 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს „დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილებისა და თანასწორობის მდგომარეობის“ შესახებ სპეციალური ანგარიში წარუდგინა.

ანგარიში მომზადდა „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. ანგარიშში განხილულია ცალკეული დაუცველი ჯგუფების, მათ შორის, ქალების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ლგბტ თემის წარმომადგენლების და რელიგიური უმცირესობების თანასწორობის მდგომარეობა. ანგარიში ასევე მიმოიხილავს სავარაუდო სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიების საკითხს, ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზებს და სახალხო დამცველის წარმოებაში არსებული საქმეების სტატისტიკურ მონაცემებს, მათ შორის, გაცემული რეკომენდაციებისა და ზოგადი წინადადებების შესრულების ტენდენციას.

ანგარიშის თანახმად, 2016 წლის სექტემბრიდან 2017 წლის აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, სახალხო დამცველმა დისკრიმინაციასთან დაკავშირებული 201 საქმე განიხილა. წინა საანგარიშო პერიოდში კი სულ 113 განცხადება იყო განხილული. საანგარიშო პერიოდში გამოიცა 11 რეკომენდაცია და 11 ზოგადი წინადადება, გასულ წელს კი 12 რეკომენდაცია და 4 ზოგადი წინადადება იქნა შემუშავებული. ამასთან, წარდგენილი იქნა 4 სასამართლოს მეგობრის მოსაზრება. საქმის წარმოება შეწყდა 99 საქმეზე, წინა საანგარიშო პერიოდში კი ასეთი 41 საქმე იყო. მოცემულ პერიოდში 1, წინა საანგარიშო პერიოდში კი 19 საქმე იქნა დაუშვებლად ცნობილი.

სახალხო დამცველის წარმოებაში არსებული საქმეების ყველაზე დიდი ნაწილი განსხვავებული მოსაზრების (12%), სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის (11%), რელიგიის (10%) და პოლიტიკური შეხედულების (9%) საფუძვლით სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტებს ეხება. ასევე აქტუალურია მომართვიანობა შეზღუდული შესაძლებლობის (9%), ეთნიკური წარმომავლობის (7%), სქესის (6%), ასაკის (4%) და მოქალაქეობის (4%) ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტების შესახებ. შემოსული განცხადებების 13%-ში მითითებულია „სხვა ნიშანი“, განცხადებების 13%-ში კი დისკრიმინაციისგან დაცული საფუძველი არ გამოიკვეთა. წინა წელს თანასწორობის დეპარტამენტის წარმოებაში არსებული საქმეების ყველაზე დიდი ნაწილი პოლიტიკური ან სხვა შეხედულების (18%), რელიგიის (17%) და ეროვნული/ეთნიკური (14%) საფუძვლით დისკრიმინაციის სავარაუდო ფაქტებს ეხებოდა. ასევე მნიშვნელოვანი რაოდენობა იყო განცხადებების, რომელიც დაკავშირებული იყო სქესის (10%) ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციასთან. სხვა ნიშნით დისკრიმინაციის შესახებ კი განმცხადებელთა 8% დავობდა. ამასთან, წინა საანგარიშო პერიოდში, მიმდინარესთან შედარებით, დაბალი იყო მომართვიანობა სექსუალური ორიენტაციის/გენდერული იდენტობის (8%) და შეზღუდული შესაძლებლობის (7%) ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტებთან დაკავშირებით.

საქართველოს სახალხო დამცველმა ასევე, დაიწყო საინფორმაციო კამპანია – „თანასწორობა ჩვენ გარშემო“, რომლის ფარგლებშიც თანასწორობის თემაზე გავრცელდება ინფორმაციული ვიდეო–რგოლი; გაგრძელდება ფოტოკონკურსი; საკანონმდებლო ცვლილებების ლობირებისა და ადვოკატირების მიზნით, დაგეგმილია შეხვედრები სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ადამიანის უფლებების კვირეულში გაიმართება ქუჩის აქცია.

იხილეთ ანგარიშის ელექტრონული ვერსია

18.10.17


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)