სიახლეები

ტრენინგი კერძო კომპანიის წარმომადგენლებისთვის

2025 წლის 2 ივლისსა და 17 ივლისს სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტმა ტრენინგი ჩაატარა მომსახურების სექტორის წარმომადგენელი ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის (სწრაფი კვების ობიექტის) ცენტრალური ოფისისა და საქართველოს მასშტაბით მომუშავე ფილიალების მენეჯერებისთვის, ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ პირებისა და სხვა თანამშრომლებისთვის.

ტრენინგი მიზნად ისახავდა კომპანიისა და მისი თანამშრომლების წახალისებას, კიდევ უფრო აქტიურად შეუსაბამონ საქმიანობა თანასწორობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპებს. ამ თვალსაზრისით, მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ, გაცნობოდნენ თანასწორობის უფლების არსს და ანტი-დისკრიმინაციული კანონმდებლობის მოქმედების ფარგლებს. ზოგადი სტანდარტების მიმოხილვასთან ერთად, ტრენინგი ფოკუსირებული იყო, კონკრეტულად, სექსუალური შევიწროებისა და შრომით ურთიერთობებში დისკრიმინაციის საკითხებზე. მათ შორის, განიხილეს სახალხო დამცველის აპარატის რელევანტური პრაქტიკა, კერძოდ, უშუალოდ მომსახურების სფეროში ოპერირებად კომპანიებში დასაქმებულთა მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის შემთხვევები.

სახალხო დამცველის აპარატი ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ მსგავსი ტიპის აქტივობებს უმნიშვნელოვანესად მიიჩნევს ქვეყანაში თანასწორობის მხრივ არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და იმედს გამოთქვამს, რომ კიდევ უფრო მეტ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელს ექნება მზაობა, გაიღრმავოს ცოდნა თანასწორობის საკითხებზე და საკუთარი წვლილი შეიტანოს დისკრიმინაციული პრაქტიკის პრევენციაში.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)