სიახლეები

ტრენინგი შსს-ს თანამშრომლებისთვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების და კომუნიკაციის სტანდარტების შესახებ

2022 წლის 20 ივლისიდან 5 აგვისტოს ჩათვლით, სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის ჩართულობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში კასკადური ტრენინგი ჩატარდა. სახალხო დამცველის აპარატისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ტრენინგის მონაწილეები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის მართლწესრიგის ოფიცრები და შსს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის თანამშრომლები იყვნენ. სწავლება განხორციელდა ევროკავშირის პროექტის „საქართველოში უსაფრთხოების სექტორზე ზედამხედველობის მხარდაჭერა“ ფარგლებში.

მონაწილეებმა შეისწავლეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებსა და კომუნიკაციის სტანდარტები, მათ შორის, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თანასწორობის უფლებას და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებთან დაკავშირებით სახალხო დამცველის მანდატსა და საქმიანობას, როგორც დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, ისე - შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონიტორინგის მიმართულებით.

საგანმანათლებლო საქმიანობას და ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებს სახალხო დამცველი თანასწორობის უზრუნველყოფისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის პროცესში უმნიშვნელოვანეს კომპონენტად მოიაზრებს და ამ მხრივ სხვადასხვა უწყებასთან თუ ორგანიზაციასთან აქტიურად თანამშრომლობს.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი ხორციელდება 2021 წლის ოქტომბრიდან, მისი ერთ-ერთი მთავარი ბენეფიციარი სახალხო დამცველის აპარატია, ხოლო პროექტის ამოცანას ზედამხედველობის ინსტიტუტებსა და სამართალდამცავ ორგანოებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესება წარმოადგენს. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი B&S Europe, PMCG და GCSD-ის მონაწილეობით.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)