სიახლეები

საცხოვრისის სერვისების განხორციელება შშმ პირთა უფლებების ჭრილში

2022 წლის იანვარსა და მარტში სახალხო დამცველის აპარატმა საქართველოს 7 მუნიციპალიტეტში (თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, გორში, ბათუმში, ოზურგეთსა და ზუგდიდში) მოქმედი 11 სოციალური საცხოვრისის მონიტორინგი განახორციელა.

მონიტორინგმა ცხადყო, რომ უსახლკარობასთან დაკავშირებული წლიდან წლამდე უცვლელი პრობლემები სახელმწიფოს მხრიდან მოითხოვს სისტემურ გადაწყვეტას. კერძოდ, ამ დრომდე არ შემუშავებულა საცხოვრისის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა; არ არსებობს უსახლკარო პირის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცნება, ერთიანი უსახლკარობის პრევენციის მექანიზმები, ინფორმაცია და სტატისტიკა ქვეყნის მასშტაბით უსახლკარობის და ფორმების შესახებ. შედეგად, იმ მუნიციპალიტეტებშიც კი, სადაც სოციალური საცხოვრისისა და ბინის ქირით უზრუნველყოფის სერვისები მოქმედებს, უსახლკარო პირად მიჩნევის კრიტერიუმები არ შეესაბამება სათანადო საცხოვრებლის უფლების საერთაშორისო სტანდარტებს.

თავის მხრივ, ვერც ბიუჯეტებში მობილიზებული თანხები ფარავს მოთხოვნას და ასეულობით ადამიანი საცხოვრისით უზრუნველყოფის გარეშე რჩება.

მონიტორინგმა აჩვენა, რომ

  • ზოგიერთ საცხოვრებელში არსებული ვითარება ღირსების შემლახავი და რიგ შემთხვევებში სიცოცხლის ან/და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია.
  • ასეთი საცხოვრისები განთავსებულია ყოფილ ადმინისტრაციულ შენობებში და უვარგისია საცხოვრებლად, სადაც მუდმივი ხმაური და გადატვირთულობაა;
  • საცხოვრისები განთავსებულია ცენტრიდან დიდ მანძილზე, ურბანულად განუვითარებელ გარემოში და მოუწესრიგებელია საგზაო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა;
  • ხშირია გეოგრაფიული წვდომის პრობლემა აფთიაქთან და საავადმყოფოსთანაც.

შესწავლილი საცხოვრისებიდან არცერთი არ არის სრულად მისაწვდომი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. საცხოვრისის ადმინისტრაცია და სოციალური მუშაკი მხოლოდ თბილისის სოციალურ საცხოვრისებშია.

სისტემურ გამოწვევად გამოიკვეთა სოციალური საცხოვრისების სერვისში ჩართვის კრიტერიუმებისა და პრიორიტეტების არაერთგვაროვნება, ეროვნულ დონეზე ერთიანი სტანდარტის არარსებობა და მოქმედი რეგულაციების გაუმართაობა.

სერვისების დაგეგმვის პროცესში არ არის გათვალისწინებული შშმ პირთა ინტერესები, მათი ინდივიდუალური საჭიროებები, ინფრასტრუქტურასა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა. მწირია ყოველთვიურად გამოყოფილი კომპენსაციის თანხაც.

იდენტიფიცირებული გამოწვევები ცხადყოფს, რომ მნიშვნელოვანია მთავრობამ:

  • შეიმუშაოს საცხოვრისის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც ერთ-ერთ პრიორიტეტად საცხოვრისის სერვისების რევიზიას, მათ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას და გრძელვადიანი სერვისების დანერგვას განსაზღვრავს;
  • გაწეროს სოციალური საცხოვრისისა და ბინის ქირით უზრუნველყოფის სერვისების დეტალური სტანდარტები, რომლებიც დააწესებს მომსახურების ხარისხის, განხორციელებისა და მასზე სახელმწიფოს ეფექტიანი მონიტორინგის მოთხოვნებს;
  • მუნიციპალიტეტების მიერ სერვისების შექმნისა და განვითარების პროცესი უნდა დაეფუძნოს ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრისის საჭიროებების კვლევის შედეგებს.

2022 წლის 11-13 ოქტომბერს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს წინამდებარე ანგარიში გააცნეს და მათთან ერთად იმსჯელეს სათანადო საცხოვრებლის უფლების მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

საცხოვრისების მონიტორინგი გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და მდგრადი განვითარების მიზნების ერთობლივი ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)