სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

3 დეკემბერს მსოფლიო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს აღინიშნავს. ყოველწლიურად ამ დღეს საერთაშორისო თანამეგობრობა სხვადასხვა აქტუალურ თემაზე ფოკუსირდება და მოუწოდებს სახელმწიფოებს მათი ძალისხმევა ამ მიმართულებით მიმართონ.

მრავალი კრიზისის გათვალისწინებით, რომელის წინაშეც დღეს კაცობრიობა დგას, სულ უფრო მეტად საეჭვო ხდება 2030 წლისთვის მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა. გაერო მკაფიოდ მიუთითებს მდგრადი განვითარების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე ორიენტირებული მიზნების მიღწევისთვის ქვეყნების მიერ მცდელობების გაძლიერების აუცილებლობაზე და აღნიშნავს, რომ აღნიშნული უნდა განხორციელდეს არა მარტო შშმ პირებისთვის, არამედ შშმ პირებთან ერთად და მათ მიერ. სწორედ ამიტომ, 2023 წელს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების საერთაშორისო დღის თემაა: „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, მათთან ერთად და მათ მიერ - ერთობლივი მოქმედება მდგრადი განვითარების მიზნების გადარჩენის და მიღწევისთვის“.

საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიზნით საკანონმდებლო დონეზე გადადგმული არაერთი პოზიტიური ნაბიჯის მიუხედავად, კვლავ პრობლემურია პრაქტიკაში მათი სათანადო რეალიზება. მათ შორის სირთულეებთანაა დაკავშირებული სხვადასხვა დონეზე, გადაწყვეტილების მიღების პროცესში შშმ პირთა/შშმ პირთა წარმომადგენლობითი ორგანიზაციების არსებითი მონაწილეობის უზრუნველყოფა.

კვლავ დღის წესრიგში დგას მისაწვდომობის უფლების სათანადო რეალიზების საკითხი. დღემდე არ დამტკიცებულა მისაწვდომობის ეროვნული გეგმა, რაც განსაკუთრებულად ართულებს არსებული შენობა/ნაგებობებისა და ინფრასტრუქტურის შშმ პირთათვის მისაწვდომობის დროულ უზრუნველყოფას. არ არსებობს სტანდარტი შშმ პირთა წვდომის უზრუნველსაყოფად ინფორმაციასა და კომუნიკაციაზე.

ფიზიკური გარემოს მისაწვდომობის, კომუნიკაციასა და ინფორმაციაზე წვდომის პრობლემა გადაულახავ ბარიერს წარმოადგენს შშმ პირებისთვის სხვადასხვა პროგრამებისა და სერვისების, შორის სამედიცინო სერვისების მისაწვდომობის მიმართულებით. მწვავედ დგას ზრდასრულ შშმ პირთა სარეაბილიტაციო და დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი პროგრამების დანერგვის საკითხი.

გამოწვევად რჩება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა უფლებების დაცვა. შეფერხებით მიმდინარეობს 2022-2030 წლების ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სტრატეგიის 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესი.

რისკის ქვეშაა ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევის, ქმედუნარიანობის რეფორმის იმპლემენტაცია. მხარდაჭერის მოდელის აღსრულების ერთ-ერთი მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორია სფეროსთვის აუცილებელი დამოუკიდებელი სერვისის არარსებობა. პრაქტიკაში პირის მხარდაჭერა არ არის ორიენტირებული მხარდაჭერის მიმღების დამოუკიდებლობისა და ავტონომიის ხელშეწყობაზე. რეფორმა საჭიროებს ძირეულ ცვლილებებს მისი ჯეროვანი განხორციელების მიზნით.

განსაკუთრებით საყურადღებოა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი აქტივობების სიმცირე და შესაბამისი სერვისების არათანაბარი განაწილება. აქტუალობას არ კარგავს ინკლუზიური განათლების ხარისხის გამოწვევები სხვადასხვა საფეხურზე. შშმ პირებს კვლავ ექმნებათ სირთულეები დასაქმების კუთხით. დაბრკოლებას წარმოადგენს დამსაქმებლების მხრიდან სტიგმის შემცველი დამოკიდებულება, რაც ხშირად მათი არაინფორმირებულობის შედეგია.

პრაქტიკაში არსებულ სისტემურ პრობლემებს შორისაა ასევე შესაძლებლობის შეზღუდვის შეფასების ბიოფსიქოსოციალური მოდელის დროულად დანერგვის აუცილებლობა, შშმ პირთა უფლებების შესახებ დაბალი ინფორმირებულობა, არსებული ძლიერი სტიგმა და სტერეოტიპული დამოკიდებულებები, განსაკუთრებით ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირების მიმართ; ასევე გასაძლიერებელია მუშაობა შშმ პირთა მიმართ ძალადობის იდენტიფიცირებისა და ძალადობის სავარაუდო ფაქტებზე რეაგირების მიმართულებით.

შშმ პირთა საერთაშორისო დღის წლევანდელი თემის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს კოორდინირებული მუშაობისკენ მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად შშმ პირებისთვის, მათთან ერთად და მათ მიერ. სახალხო დამცველი ხაზს უსვამს საქმიანობის ყველა სფეროში შშმ პირებთან დაკავშირებული საკითხების გათვალისწინების აუცილებლობას, რადგან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის უფლებების სრული რეალიზაცია ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების განუყოფელი ნაწილია.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით 1992 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება. ამ დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს სახელმწიფოების, საზოგადოებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ღირსების, უფლებებისა და კეთილდღეობის მხარდაჭერას, ასევე ინფორმირებულობის გაზრდას იმ სიკეთეების შესახებ, რომლებიც მოაქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტეგრაციას პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)