სიახლეები

სახალხო დამცველმა საქართველოს შშმ პირთა ქსელის პირველ გაერთიანებულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

2023 წლის 3 ოქტომბერს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ქსელის პირველ გაერთიანებულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

სიტყვით გამოსვლისას სახალხო დამცველმა ქვეყანაში შშმ პირთა უფლებების კონვენციის განხორციელებასა და ეროვნული კანონმდებლობის აღსრულების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებზე ისაუბრა. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა შშმ პირთა უფლებების რეალიზების პროცესში შშმ პირთა წარმომადგენლობითი და შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების ჩართულობის აუცილებლობაზე და იმედი გამოთქვა, რომ ამ ორგანიზაციათა ქსელი, თავისი ერთობითა და კოორდინაციით იქნება კიდევ უფრო დიდი ძალა, რომელიც ხელს შეუწყობს შშმ პირთა უფლებების პრაქტიკაში განხორციელებას.

ლევან იოსელიანმა ასევე ისაუბრა აპარატის მანდატსა და სახალხო დამცველის რეკომენდაციების აღსრულებისთვის ეფექტური მექანიზმების დანერგვაზე. თავისი გამოსვლის დასასრულს მზაობა გამოთქვა, რომ ითანამშრომლებს როგორც ქსელთან, ისე შშმ პირთა წარმომადგენლობით და შშმ საკითხებზე მომუშავე ნებისმიერ იმ ორგანიზაციასთან, რომელიც არ არის ქსელის წევრი.

ღონისძიებასა და თანმდევ დისკუსიაში ასევე მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის წევრმა რატი იონათამიშვილმა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ნიკო თათულაშვილმა.

საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ქსელი არარეგისტრირებული კავშირია, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა წარმომადგენლობით და საკითხზე მომუშავე 100-ზე მეტ ორგანიზაციასა და აქტივისტს აერთიანებს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)