სიახლეები

სახალხო დამცველის განცხადება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით

14 ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება.

სახალხო დამცველი ყოველწლიურად საუბრობს ამ პირთა უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რომლებიც წლების მანძილზე გამოწვევად რჩება საქართველოში. მათ შორის მნიშვნელოვანია გაეროს შშმ პირთა უფლებების შესახებ კონვენციის იმპლემენტაციასა და კოორდინაციაზე პასუხისმგებელი ინსტიტუციური მექანიზმის შექმნა და ამოქმედება. აღნიშნულთან დაკავშირებით საერთაშორისო ექსპერტის ჩართულობით მომზადებული რეკომენდაციების მიუხედავად, მექანიზმის ფორმირება ჯერ კიდევ არ მომხდარა. ასევე შეფერხებულია კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირების პროცესი.

პრობლემებს შორის არის შშმ პირთა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის უფლება, ბავშვთა და ზრდასრულ პირთათვის რეაბილიტაცია/აბილიტაციის მომსახურების სათანადო უზრუნველყოფა, შშმ ქალების/გოგონების რეპროდუქციული და სექსუალური ჯანმრთელობის უფლებების რეალიზება.

მნიშვნელოვანი გამოწვევაა ფიზიკური გარემოს მისაწვდომობა. ქვეყნის მასშტაბით შშმ პირთა მიერ საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტებით, სასწავლო დაწესებულებებით, მუნიციპალური ტრანსპორტით თუ საგზაო ინფრასტრუქტურით სარგებლობა.

მეტ ძალისხმევას საჭიროებს შშმ ბავშვთა საგანმანათლებლო პროცესში სრულყოფილი ჩართვა, დაცულ და უსაფრთხო გარემოში ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობა. ასევე სწავლების უწყვეტობა.

კვლავ აქტუალურია შშმ პირთა შრომის უფლების დაცვისა და განხორციელების მდგომარეობა.

დაბალია შშმ მოქალაქეების მონაწილეობა ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ნაკლებად ხდება მათი ჩართვა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება შშმ პირთა უფლებების შესახებ, მათ მიმართ ჯერ კიდევ არსებული არასწორი შეხედულებების და დამოკიდებულებების ცვლილება.

კრიტიკის საგანს წარმოადგენს „ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2018-2020 წლებისთვის)“ მიხედვით შშმ პირთა უფლებებთან დაკავშირებული საკითხები. მათ შორის აღნიშნული დოკუმენტით გათვალისწინებული ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფის არარსებობა, რაც იმთავითვე ბადებს კითხვებს მისი ეფექტურად განხორცილების შესაძლებლობაზე.

საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ხელისუფლებას, მოახდინოს არსებული პრობლემების დროული და ეფექტიანი გადაწყვეტა, რათა უზრუნველყოფილ იქნას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების სათანადო დაცვა, მათი ჩართვა და თანაბარი მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)