ალტერნატიული ანგარიშები

საქართველოს სახალხო დამცველმა გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კომიტეტს შუალედური ანგარიში წარუდგინა

2016 წლის 3 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა, გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კომიტეტში შუალედური ანგარიში წარადგინა, რომელიც ეხება 2014 წელს კომიტეტის მიერ საქართველოს მთავრობისთვის მიცემული №21-ე და №25-ე რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობას, ქალთა მიმართ ძალადობისა და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მიმართულებით.

სახალხო დამცველის მიერ მომზადებულ შუალედურ ანგარიშში საუბარია ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით არსებულ გამოწვევებზე; მათ შორის, საკანონმდებლო რეგულაციებსა და ეროვნული სამოქმედო გეგმების ეფექტურ იმპლემენტაციასთან დაკავშირებულ პრობლემაზე, ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ მიმართული საკანონმდებლო ინიციატივების განუხორციელებლობაზე. ასევე, იმ უწყებებს შორის ინფორმაციის გაცვლისა და კოორდინაციის არაეფექტურ პრაქტიკაზე, რომელთაც ოჯახში ძალადობის აღკვეთა ევალებათ. საქართველოს სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა „ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ“ ევროპის საბჭოს 2011 წლის კონვენციის რატიფიცირების მნიშვნელობას.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით ერთ-ერთ სერიოზულ გამოწვევად რჩება გენდერული თანასწორობის მიღწევა; ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ხელშესაწყობად; კვლავ გამოწვევას წარმოადგენს ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, განსაკუთრებით კი სოფლად მცხოვრები, დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების ეკონომიკური აქტივობა და მონაწილეობა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესებში. ამასთან, შუალედური ანგარიში ასახავს სავალდებულო გენდერული კვოტების მიღებასთან დაკავშირებულ პროცესებს, რა დროსაც სახელმწიფომ არ გაიზიარა ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის მიერ, საქართველოს მე–4 და მე–5 პერიოდული ანგარიშების განხილვის შემდეგ მიღებული რეკომენდაცია დროებითი სპეციალური ზომების შექმნის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ 2014 წლის 13 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველმა პირველად ისარგებლა ადამიანის უფლებადაცვითი ეროვნული ინსტიტუტებისათვის მინიჭებული უფლებამოსილებით და კომიტეტში ალტერნატიული ანგარიში წარადგინა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)