სიახლეები

წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის ანგარიშის მიგნებები სახალხო დამცველის ანგარიშებში დასახელებული პრობლემების იდენტურია

2022 წლის 16 ივნისს წამების პრევენციის ევროპულმა კომიტეტმა (CPT) საქართველოში საგანგებო ვიზიტის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც არაერთ ძალიან საყურადღებო პრობლემასთან ერთად, განსაკუთრებულ ყურადღებას ციხეებში არაფორმალური კრიმინალური მმართველობის ნიშნებზე ამახვილებს.

ანგარიში ეყრდნობა კომიტეტის დელეგაციის მიერ 2021 წლის 17-24 მაისს N2, N14, N15 და N17 პენიტენციურ დაწესებულებებსა და პენიტენციური სისტემის კონტრაქტორ კლინიკაში განხორციელებულ ვიზიტებს. ხაზგასასმელია, რომ კომიტეტის დელეგაცია საგანგებო მონიტორინგის ვიზიტით თავისი საქმიანობის განმავლობაში, 2012 წლის ე.წ. „ციხის კადრების“ გავრცელების შემდეგ, საქართველოს პირველად ესტუმრა.

კომიტეტის მოსაზრებით, საგანგებო ვიზიტის საჭიროება კონკრეტული გარემოებებით იყო განპირობებული, მათ შორის, უპირველეს ყოვლის სახალხო დამცველის მიერ 2020 წელს გამოქვეყნებული ანგარიშით, რომელშიც საუბარი პენიტენციურ სისტემაში არსებულ არაფორმალურ მმართველობასა და პატიმართა შორის ხშირი ძალადობის ფაქტებზეა.

როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, სახალხო დამცველის მიერ 2020 წელს გამოქვეყნებულ სპეციალურ ანგარიშს საქართველოს იმჟამინდელი იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის მხრიდან პრობლემის უარყოფა და საპასუხოდ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები მოჰყვა. ამგვარი რეაქციის შემდეგ, სახალხო დამცველისა და სპეციალური პრევენციული ჯგუფისთვის პენიტენციურ დაწესებულებებში მონიტორინგი არამარტო უკიდურესად რთული, არამედ საფრთხის შემცველიც გახდა.

გამოქვეყნებულ ანგარიშში კომიტეტი ხაზგასმით აღნიშნავს სახალხო დამცველის წარმომადგენლების მხრიდან ვიზიტების დაბრკოლებების გარეშე განხორციელების მნიშვნელობასა და აუცილებლობას.

აღსანიშნავია, რომ კომიტეტის საგანგებო ვიზიტის ანგარიში სრულ თანხვედრაშია სახალხო დამცველის ანგარიშის მიგნებებთან პენიტენციურ სისტემაში არსებულ არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით. კომიტეტის მოსაზრებით, სამივე ნახევრად ღია დაწესებულება (N14, N15 და N17) წარმოადგენს დიდ დაწესებულებებს, სადაც თანამშრომლების რაოდენობა ვერ უზრუნველყოფს დაწესებულებებზე სრული კონტროლის განხორციელებას. ხშირია პატიმართა შორის ძალადობის ფაქტები. დაწესებულებებში ერთად არიან მოთავსებულნი დანაშაულის პირველად და არაერთგზის ჩამდენი პირები. ასეთ პირობებში, სისტემაში ახლად მოხვედრილი პატიმრები იმყოფებიან დიდი რისკის ქვეშ, რათა ნებით თუ უნებლიედ, ჩართული იყვნენ „არაფორმალურ კრიმინალურ აკადემიაში“.

დელეგაციის განსაკუთრებული შეშფოთება არაფორმალური კრიმინალური მმართველობის აშკარა ნიშნებმა გამოიწვია. ტიპური სიმბოლოები განთავსებული იყო საკნების კარებსა და კედლებზე. ასევე, ყველა დაწესებულებებში აშკარა განსხვავება იყო საკნებს შორის: მაშინ როცა პატიმართა უმეტესობას საკმაოდ ცუდ პირობებში იმყოფებოდა, ზოგიერთი პატიმარი სარგებლობდა გარემონტებული საკნებით (პარკეტით ან გრანიტის იატაკით) და ბევრად არასტანდარტული აღჭურვილობით.

რამდენიმე პატიმარმა დელეგაციას დაუდასტურა კრიმინალური იერარქიის არსებობა, ფულის შეგროვება/გამოძალვა და პატიმართა უკანონო ფონდის ე.წ. საერთოს („ობშიაკის“) არსებობა. რეპრესიების შიშიდან გამომდინარე, ბევრი პატიმარი დელეგაციასთან საუბრისგან თავს იკავებდა.

კომიტეტი მიუთითებს, რომ აშკარად ჩანდა, როგორც ადმინისტრაციის, ისე პატიმართა იერარქიის წევრების მიდგომა იყო იმგვარი, რომ ნებისმიერი „არასწორი ქცევა“ და ნებისმიერი შიდა კონფლიქტი პატიმრებს შორის, უპირველეს ყოვლისა, უნდა განიხილებოდეს არაფორმალურად, პატიმრებს შორის და ადმინისტრაციის ოფიციალურად ჩართვის გარეშე.

გამოქვეყნებულ ანგარიშში მითითებულია, რომ პატიმართა აბსოლუტური უმრავლესობისთვის არ არის ხელმისაწვდომი რესოციალიზაციის აქტივობები, პატიმრობის პირობები არის ხშირ შემთხვევაში პრობლემური და საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამო. კომიტეტი შეშფოთებას გამოხატავს დაზიანების დოკუმენტირების პროცედურებთან დაკავშირებითაც. დელეგაციამ, სამივე დაწესებულებაში წარმოებულ სამედიცინო დოკუმენტაციაში მრავალი ახალი საეჭვო დაზიანებები აღმოაჩინა, რომლებიც მათი ხასიათისა და მდებარეობის გათვალისწინებით შეუძლებელია შემთხვევით ყოფილიყო მიღებული.

სახალხო დამცველის აპარატი გააგრძელებს პენიტენციური სისტემის მონიტორინგს იმ მიგნებებისა და რეკომენდაციების შესრულების მიზნით, რაც გაცემულია როგორც სახალხო დამცველის მიერ, ისე წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის მიერ.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)