სიახლეები

20 ივნისი ლტოლვილთა საერთაშორისო დღეა

2000 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ რეზოლუციის მიღების დღიდან, ყოველწიურად 20 ივნისს მსოფლიოში ლტოლვილთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღეს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ლტოლვილთა უფლებების რეალიზაციის მნიშვნელობასა და მათ წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ ცნობადობის ამაღლებას.

სახალხო დამცველს სურს, ამ წელს განსაკუთრებულად ხაზი გაუსვას ლტოლვილთა უფლებების დაცვის საჭიროებას მსოფლიოში პანდემიის პირობებში. ამ მხრივ მისასალმებელია საქართველოს სახელმწიფოს რეაგირება და დახმარება, რომელიც გავრცელდა საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ნაწილზე, თუმცა აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნული პროგრამის მიღმა დარჩნენ თავშესაფრის მაძიებლები. მათი უფლებების დაცვის გარანტიის უზრუნველყოფაც სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებაა, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში, რადგან ქვეყნებს შორის საზღვრების ჩაკეტვამ, სოციალური და ჯანდაცვის კუთხით არსებულმა გამოწვევებმა მნიშვნელოვნად გააუარესა თავშესაფრის მაძიებელთა მდგომარეობა ქვეყანაში, რომელშიც ისინი თავშესაფარს ითხოვენ საომარი მოქმედებების, კონფლიქტებისა და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევების შედეგად დევნის გამო. შესაბამისად, მნიშვნელოვანია სახელმწოფოს მხრიდან მაქსიმალურად იყოს დაცული და რეალიზებული თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა უფლებები.

ლტოლვილთა უფლებების დაცვა სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მდგომარეობის შესახებ“ სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშში სპეციალური ქვეთავია მიძღვნილი თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა უფლებრივ მდგომარეობაზე, რომელშიც ყურადღება მახვილდება იმ გამოწვევებსა და რეკომენდაციებზე, რომლებიც იკვეთება სახალხო დამცველის საქმიანობისას აღნიშნულ პირთა უფლებების მონიტორინგის დროს.

სახალხო დამცველის აპარატი უერთდება მსოფლიოში ლტოლვილთა საერთაშორისო დღის აღნიშვნას და იმედს გამოთქვამს, რომ სახელმწიფოს მხრიდან გაუმჯობესებული იქნება ლტოლვილთა უფლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოფილი იქნება მათი პრობლემების მოგვარების გრძელვადიანი გადაწყვეტილებების ხელშეწყობა საერთაშორისო და შიდა კანონმდებლობით აღიარებული ვალდებულებების გათვალისწინებით.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება