სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება ზუგდიდში საარჩევნო პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით

საქართველოს სახალხო დამცველი აქტიურად ადევნებს თვალს წინასაარჩევნო პროცესის მიმდინარეობას და შეშფოთებას გამოთქვამს ზუგდიდში უკიდურესად დაძაული ვითარების გამო.

თავისუფალ, თანასწორ და მშვიდობიან გარემოში არჩევნების ჩატარება დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი პრინციპია. უკანასკნელ პერიოდში, ყოველდღიურად ვრცელდება ინფორმაცია[1][2]. სხვადასხვა ძალადობრივი ინციდენტების, მხარეებს შორის დაპირისპირების, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის, მოქალაქეთა ნებაზე ზეგავლენისა და ამომრჩევლის მოსყიდვის შესაძლო შემთხვევების თაობაზე, რაც პირდაპირ ნეგატიურ გავლენას ახდენს არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებაზე. სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ უწყებებს შუალედური არჩევნების საარჩევნო პერიოდში დაფიქსირებულ თითოეულ ასეთ დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით გამოძიება ობიექტურად, დროულად, ეფექტიანად და სათანადო კვალიფიკაციით წარმართონ და გამოძიების შედეგების თაობაზე საზოგადოების დროული ინფორმირება მოახდინონ.

ასევე, სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ გავრცელებული ინფორმაციით,[3] ზუგდიდში, 19 მაისს, კენჭისყრის დღეს სხვადასხვა პოლიტიკური ძალა მხარდამჭერთა მობილიზაციას გეგმავს, რაც თავის მხრივ არსებული სიტუაციის უფრო მეტად გამწვავების რისკებს ზრდის. უმნიშვნელოვანესია რომ საარჩევნო პროცესში მონაწილე ყველა მხარემ, ხელი შეუწყოს არჩევნების მშვიდობიან და უსაფრთხო გარემოში ჩატარებას, მათ შორის, ძალადობრივი ინციდენტების პრევენციასა და პლურალისტური, ძალადობისგან თავისუფალი საარჩევნო პროცესების წარმართვას. ამასთან, სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ერთის მხრივ, უზრუნველყოფს ნაკისრი ვალდებულებების მიუკერძოებლად და ეფექტურად შესრულებას და მეორეს მხრივ, ადმინისტრაციის წარმომადგენლების მიმართ საქმიანობისათვის ხელშეშლას ადგილი არ ექნება.

სახალხო დამცველი ყურადღებით მიადევნებს თვალყურს 19 მაისს, შუალედური არჩევნების მიმდინარეობას და იმედს გამოთქვამს, რომ პასუხისმგებელი უწყებები დროული პრევენციული ღონისძიებების გატარებისა და კანონდარღვევებზე ეფექტური რეაგირების განხორციელების გზით, არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარების უზრუნველყოფას მოახერხებენ. საარჩევნო პროცესის დროს დაუშვებელია, სხვა მნიშვნელოვნ ასპექტებთან ერთად, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და ამომრჩეველთა თავისუფალი ნების გამოვლენის საკითხები.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)