სიახლეები

სახალხო დამცველი სანატორიუმ ქართლში „ქართლში“ მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

2022 წლის 17 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველი სანატორიუმ „ქართლში“ ჩასახლებულ დევნილებს შეხვდა და ადგილზე მოისმინა მათი პრობლემების შესახებ.

სახალხო დამცველის აპარატი დიდი ხანია სწავლობს დევნილთა საკითხებს და არაერთ რეკომენდაციას გასცემს უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. სახალხო დამცველის რეკომენდაციაა, რომ პირველ რიგში და პრიორიტეტულად სწორედ „ნგრევადი“ სტატუსის მქონე ობიექტებში მცხოვრები ოჯახების დაკმაყოფილება მოხდეს. როგორც ცნობილია, სანატორიუმი „ქართლი“ არის ნგრევადი ობიექტი და ქვეყანაში კიდევ 90-მდე ოფიციალურად შეფასებული ნგრევადი ობიექტია, სადაც იძულებით გადაადგილებული პირები ცხოვრობენ.

სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებმა დევნილებმა სახალხო დამცველთან საუბარში განაცხადეს, რომ სცადეს ესარგებლათ შეთავაზებით და თავად მოეძიებინათ შესაბამისი საცხოვრებელი ფართები, თუმცა დადგენილი ლიმიტის ფარგლებში ვერ შეძლეს საცხოვრებლად ვარგისი ბინების მოძიება. იძულებით გადაადგილებულმა პირებმა სახალხო დამცველთან საუბრისას კიდევ ერთხელ გამოთქვეს ქირის ალტერნატივით სარგებლობის შემთხვევაში, მისი შეწყვეტის შიშიც. შენობაში არსებული საცხოვრებელი პირობები კი დღითიდღე მძიმდება, რაც დევნილ ოჯახებს არ აძლევს შესაძლებლობას დაელოდონ სააგენტოს მხრიდან შეძენილი ბინების მშენებლობას.

მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ვინაიდან, ობიექტი სახიფათოა საცხოვრებლად, მათ შორის შენობაში ცხოვრობენ არასრულწლოვნებიც, მნიშვნელოვანია სახელმწიფომ აწარმოოს შედეგზე ორიენტირებული მოლაპარაკებები დევნილ ოჯახებთან, მოისმინოს საცხოვრებლის მოძიების პროცესში არსებული დაბრკოლებებისა და ქირის სარგებლობის შემთხვევაში შეწყვეტის თაობაზე გამოთქმული წუხილების შესახებ, პრევენციულად მოახდინოს რეაგირება შესაძლო რისკებზე, რათა უმოკლეს ვადებში შესაძლებელი გახდეს დევნილი ოჯახების უსაფრთხო ადგილას განსახლება.

ამასთანავე, სახალხო დამცველი მზადაა მედიატორის ფუნქცია შეასრულოს სამინისტროს და დევნილებს შორის, რასთან დაკავშირებითაც ოფიციალურად მიმართავს შესაბამის ორგანოებს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)