სიახლეები

სახალხო დამცველის აპარატის ვებინარი დასავლეთ საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლებთან

2021 წლის 11 ნოემბერს სახალხო დამცველის აპარატის დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ორგანიზებით, თანასწორობის და სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დაცვის დეპარტამენტებთან თანამშრომლობით ჩატარდა ვებინარი თემაზე: გამოხატვის თავისუფლება, სიძულვილის ენა და დისკრიმინაციის წახალისება.

სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა ანა კვაჭაძემ და თინათინ თინიკაშვილმა ისაუბრეს სიძულვილის ენის რეგულირებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, მათ შორის მედიასივრცეში; განიხილეს გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობა დემოკრატიულ სახელმწიფოში და გამოხატვის თავისუფლების უფლებით დაცული სფერო.

შეხვედრის მონაწილე, რეგიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები იმ არაერთხელ გაჟღერებულ ინიციატივებსა და პრეცედენტებს გაეცნენ, რომლებიც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ისახავდა მიზნად და წინააღმდეგობაში მოდიოდა ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებთან.

განიხილეს აგრეთვე, კონკრეტული საქმე, როდესაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს წინააღმდეგ საქმეში კონვენციის მე-10 მუხლის (გამოხატვის თავისუფლების) დარღვევა დაადგინა. ისაუბრეს დისკრიმინაციის წახალისების მაგალითებზე სახალხო დამცველის პრაქტიკიდან და სახალხო დამცველის, როგორც თანასწორობის ორგანოს მანდატზე ამ მიმართულებით.

მოხსენებების დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია.

აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის მანდატის მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის სფეროში საგანმანათლებლო საქმიანობა. აპარატის წარმომადგენლები სისტემატურად ატარებენ საინფორმაციო შეხვედრებს ადამიანის უფლებებზე სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან. აპარატის დასავლეთ საქართველოს სამმართველო თანასწორობის კვირეულის ფარგლებში აგრძელებს შეხვედრებს თანასწორობის საკითხებზე სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ტელ: 291 38 14 ცხელი ხაზი: 1481 (24/7)