სიახლეები

ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების გლობალური ალიანსის (GANHRI) ხანდაზმულთა უფლებების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა

2021 წლის 2 ივნისს სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მარიამ თავდგირიძემ და ნინო შალამბერიძემ ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების გლობალური ალიანსის (GANHRI) ხანდაზმულთა უფლებების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა.

შეხვედრაზე ხანდაზმულთა უფლებების სამუშაო ჯგუფის აქტივობები შეაჯამეს და მომავალი მიზნები და გეგმები დასახეს. სამუშაო ჯგუფის წევრებმა განიხილეს კორონავირუსის პანდემიის პერიოდში არსებული გამოწვევები და პრობლემები, ხანდაზმულთა უფლებრივი მდგომარეობა, მათ ქვეყნებში არსებული ვითარება და განხორციელებული საქმიანობა.

სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მოკლედ ისაუბრეს ხანდაზმულთა უფლებრივ მდგომარეობაზე საქართველოში და ამ მხრივ სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობაზე და სამომავლო გეგმებზე.

შეხვედრის ფარგლებში აგრეთვე განიხილეს გაეროს ღია სამუშაო ჯგუფის მე-11 სესია, მისი შედეგები და მე-12 სესიის გეგმები. (გაეროს ღია სამუშაო ჯგუფის მე-11 სესიაზე სახალხო დამცველის აპარატი აქტიურად იყო ჩართული).

სესიის ფარგლებში წარდგენილ იქნა ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების ერთობლივიგანცხადება ხანდაზმულ პირთა უფლებების შესახებ ახალი კონვენციის შემუშავებისა და მიღების აუცილებლობაზე, რომლის მომზადებასა და მხარდაჭერის ადვოკატირებაში პოლონეთისა და საქართველოს ადამიანის უფლებათა ეროვნულმა ინსტიტუტებმა იმუშავეს. ეს განცხადება ჯგუფის წევრების მიერ წინ გადადგმულ ნაბიჯად შეფასდა ახალი საერთაშორისო სავალდებულო ინსტრუმენტის მიღების ადვოკატირების პროცესში, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ხანდაზმულ პირთა უფლებების დაცვასა და პოპულარიზაციას.

GANHRI აერთიანებს 110-ზე მეტ NHRI-ს მთელი მსოფლიოდან და ერთერთი უდიდესი ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ქსელია. საქართველოს სახალხო დამცველი ალიანსის წევრი 2007 წლიდანაა და მის აქტივობებში აქტიურადაა ჩართული. სახალხო დამცველის აპარატი, პოლონეთის ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისთან ერთად GANHRI-ის ხანდაზმულთა უფლებების სამუშაო ჯგუფის წევრი ევროპის რეგიონიდან არის 2018 წლიდან.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)