სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

2022 წლის 27 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სტრასბურგში ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ქალბატონ მაირია პეიჩინოვიჩ-ბურიჩის შეხვდა.

შეხვედრაზე სახალხო დამცველმა საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა მიმოიხილა; ხაზი გაუსვა დამოუკიდებელი დემოკრატიული ინსტიტუტის წინაშე არსებულ გამოწვევებს, მათ შორის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დაჩქარებული და გაუმჭვირვალე პროცესით გაუქმებას, ასევე, სახალხო დამცველის წინააღმდეგ მიმდინარე თავდასხმებს. შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებსა და მათ არასათანადო გამოძიებაზე.

სახალხო დამცველმა მადლობა გადაუხადა ევროსაბჭოს მხარდაჭერისთვის, ხაზი გაუსვა ევროსაბჭოს სხვადასხვა ინსტიტუტებთან აპარატის თანამშრომლობის მნიშვნელობას, რაც წლებია წარმატებით მიმდინარეობს და თხოვნით მიმართა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, პოლიტიკურ დღის წესრიგში შეიტანოს ევროსაბჭოს ინსტიტუტების მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის მონიტორინგი.

ქალბატონმა მარია მაირია პეიჩინოვიჩ-ბურიჩიმა დახმარების მზადყოფნა დაადასტურა და სახალხო დამცველის აპარატს ადამიანის უფლებების დაცვით საქმიანობაში სამომავლო მხარდაჭერა გამოუცხადა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)