სიახლეები

სახალხო დამცველი ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დელეგაციის წევრებს შეხვდა

2019 წლის 16 მაისს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) დელეგაციის წევრებს დემოკრატიზაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს მეგან ფიცჯერალდს, საკანონმდებლო მხარდაჭერის ოფიცერს ანა-ლიზა შატელენს და ექსპერტებს ანდრაშ შაიოსა და მიშელ რივეს შეხვდა.

შეხვედრაზე, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე და სახალხო დამცველის საპარლამენტო მდივანი თათული თოდუა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ისაუბრეს.

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა, სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, სამართლებრივად შეაფასა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის შესახებ კანონის პროექტი და მისი შესაბამისობა საერთაშორისო და რეგიონულ სტანდარტებთან.

საქართველოში მყოფი OSCE/ODIHR–ის წარმომადგენლები დღეს მოსამართლეთა შერჩევის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით გამართულ მრგვალ მაგიდაში მიიღებენ მონაწილეობას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)