სიახლეები

სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციების აღსრულების საკითხების განხილვაში მიიღო მონაწილეობა

2025 წლის 25 ნოემბერს სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ თამარ გვარამაძემ, ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების გლობალური ალიანსის (GANHRI) სახელით (როგორც GANHRI-ის ბიუროს წევრმა), მონაწილეობა მიიღო ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ ორგანიზებულ სემინარში. ღონისძიებაზე ომბუდსმენის ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების შესახებ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციების აღსრულების საკითხები განიხილეს.

თამარ გვარამაძემ მოხსენებით გამოსვლისას პარიზის პრინციპების შესახებ ისაუბრა, განმარტა მათი რაობა და ის მინიმალური სტანდარტები, რომლებიც ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის, ეფექტურობისა და მიუკერძოებლად საქმიანობისთვის არის დადგენილი. განიხილა აკრედიტაციის სისტემის განხორციელების მეთოდები და აკრედიტირებული ინსტიტუტებისათვის გაეროს ქუდის ქვეშ მოქმედი საერთაშორისო დაცვის მექანიზმების სისტემაში ჩასართავად არსებული ფორმალური და ინსტიტუციური შესაძლებლობები.

GANHRI-ის სახელით წარადგინა ადამიანის უფლებების ეროვნულ ინსტიტუტებსა და ევროპის საბჭოს შორის თანამშრომლობის გაძლიერებისკენ მიმართული რეკომენდაციები. ასევე, მიმოიხილა საქართველოს სახალხო დამცველის მანდატი და თანამშრომლობის პრაქტიკა, რაც ინსტიტუტს გაეროს და ევროპის საბჭოს სხვადასხვა მექანიზმებთან აკავშირებს.

სემინარის პარალელურად, 24 და 25 ნოემბერს სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ ორმხრივი შეხვედრები გამართა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისის და ევროპის ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის წარმომადგენლებთან, ასევე შეხვდა ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის დეპარტამენტის (DGI) დირექტორსა და დეპარტამენტის სხვა წარმომადგენლებს. ასევე, პროგრამების კოორდინაციის დირექტორს.

ორმხრივ შეხვედრებზე თამარ გვარამაძემ ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებაზე, შეკრების და გამოხატვის უფლებების რეალიზაციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებზე, საზოგადოების მხრიდან მაღალი ინტერესის მქონე საქმეებზე სახალხო დამცველის აპარატის რეაგირებებსა და საბჭოსთან ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)