სიახლეები

სიმპოზიუმი ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების როლზე კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირების თაობაზე ანგარიშვალდებულების ხარვეზის აღმოფხვრაში

2021 წლის 3, 4 და 5 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ თამარ გვარამაძემ მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების სიმპოზიუმში, რომელიც გაეროს კლიმატის ცვლილებს (COP26) მიეძღვნა. სიმპოზიუმის თემა იყო „ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების როლი კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირების თაობაზე ანგარიშვალდებულების ხარვეზის აღმოფხვრაში“.

სიმპოზიუმზე სიტყვით გამოსვლისას თამარ გვარამაძემ ისაუბრა თუ რა გავლენას ახდენს ადამიანის უფლებების დაცვაზე კლიმატის ცვლილები და ქვეყანაში ენერგეტიკული პროექტების განხორციელება. მან აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუცია ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლების გარანტს წარმოადგენს და განიხილა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის სპეციალური ანგარიში, რომელშიც გარემოზე ზემოქმედების შეფასების სისტემასთან დაკავშირებით სახელმწიფოს საერთაშორისო და ეროვნული ვალდებულებებია გაანალიზებული.

სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ ასევე ისაუბრა საქართველოში ეკოლოგიასა და განახლებადი რესურსების განვითარებასთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებზე და ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ამ მიმართულებით მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს.

აღსანიშნავია, რომ სიმპოზიუმის მონაწილეები სხვადასხვა ქვეყნის მაგალითებს გაეცნენ, განიხილეს ადამიანის უფლებების მდგომარეობა კლიმატის ცვლილების პირობებში; მიგრაციისა და ენერგიის განაწილების საკითხების გავლენა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული პოლიტიკის შემუშავებაზე და სამოქალაქო საზოგადოებებისა და შესაბამისი ორგანიზაციების ჩართულობის შესაძლებლობა კლიმატის ცვლილების შესაჩერებლად. გარდა ამისა, მონაწილეებმა ისაუბრეს საგანგებო სიტუაციებში ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ძალისხმევაზე და წარმოდგენილ იდეათა პრაქტიკული განხორციელების გზებზე. განსაკუთრებული მნიშვნელობით გაუსვეს ხაზი კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით ახალგაზრდებს შორის განათლებისა და ცნობიერების ამაღლების აუცილებლობას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)