სიახლეები

საქართველოში ადამიანის უფლებების მიმართულებით არსებული გამოწვევები და სახალხო დამცველის როლი ევროინტეგრაციის გზაზე

2022 წლის 2 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით ღონისძიება გამართა, სადაც საქართველოში ადამიანის უფლებების მიმართულებით არსებული გამოწვევებსა და ევროინტეგრაციის გზაზე სახალხო დამცველის როლზე ისაუბრა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისების და ასევე, სახალხო დამცველის აპარატის პარტნიორი სამოქალაქო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

„მთავარი ღირებულება, რაც ამ აპარატს ამოძრავებს, არის დამოუკიდებელი, დემოკრატიული ძლიერი საქართველოს შენება. თითოეული ჩვენი ქმედება მიმართულია იქითკენ, რომ ნაკლებად ირღვეოდეს ადამიანის უფლებები, თანაბარი შესაძლებლობები გააჩნდეს ყველას და ღირსეულ გარემოში გვიწევდეს ცხოვრება. ვამაყობ, რომ საქართველოს სახალხო დამცველმა პირნათლად შეასრულა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე დაკისრებული როლი.

განვლილი პერიოდის განმავლობაში სახალხო დამცველის აპარატი და პირადად მე ხშირად ვხდებოდით პოლიტიკური მანიპულაციის, პროპაგანდის, თავდასხმის ობიექტი, რასაც განაპირობებდა ჩვენი უპირობო არჩევანი, ვყოფილიყავით ყველა ადამიანის დამცველი ამ ქვეყანაში, მიუხედავად მათი პოლიტიკური თუ სხვა კუთვნილებისა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, მომავალი სახალხო დამცველი ასევე ურყევად გააგრძელებს ამ გზას, რადგან საქართველოში ყველა ადამიანს სჭირდება სახალხო დამცველი, მიუხედავად მისი ამჟამინდელი პოზიციის თუ უფლებრივი მდგომარეობისა,“ - განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ შეხვედრის გახსნაზე მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა, ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა პაველ ჰერჩინსკიმ, გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საბინე მახლიმ და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა ნატალია ვუტოვამ სახალხო დამცველისა და სახალხო დამცველის აპარატის კონსტიტუციურ მოვალეობასა და მისი ყოველდღიური საქმიანობის დიდ მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მადლობა გადაუხადეს ნინო ლომჯარიას 5 წლის განმავლობაში გაწეული თავდადებული შრომისთვის და ხაზი გაუსვეს აპარატის თანამშრომელთა მაღალ კვალიფიკაციას.

სახალხო დამცველმა თავის მოხსენებაში - „ადამიანის უფლებების გამოწვევები, მიღწევები და სამომავლო შესაძლებლობები ევროპული ინტეგრაციის გზაზე“, ხუთწლიანი საქმიანობის ანგარიში, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით მიღწეული შედეგები და სამომავლო რეკომენდაციები წარმოადგინა.

ღონისძიების დამსწრეები ასევე, გაეცნენ ვიდეოს, რომელშიც სახალხო დამცველი და სახალხო დამცველის მოადგილეები ადამიანის უფლებათა მიმართულებებზე, მთავარ გამოწვევებზე, მიღწევებზე, ინსტიტუციისადმი საზოგადოების დამოკიდებულებასა და აპარატის როლსა და მნიშვნელობაზე საუბრობენ.


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)